პიონჩანგში სათხილამურო რბოლების ჩატარებას საფრთხე დაემუქრა. საქმე ისაა, რომ 2018 წლის ოლიმპიადის დედაქალაქში ტემპერატურა მინუს 22 გრადუსია, ეს კი ზღვრული მაჩვენებელია შეჯიბრის ჩატარებისთვის.
სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანფრანკო კასპერმა განაცხადა, რომ თუ ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსზე ქვემოთ ჩამოვა, სათხილამურო რბოლების გაუქმების საკითხი დადგება დღის წერიგში.
“ფედერაციას აქვს წესი, რომლის მიხედვითაც, 22 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე სათხილამურო რბოლები, შესაძლოა, არ გაიმართოს. შესაბამისი გადაწყვეტილება რბოლის დირექტორმა ან ექიმებმა უნდა მიიღონ. გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს ტენიანობას. თუ ის დაბალია, რბოლა შესაძლებელია მინუს 30 გრადუსზეც ჩატარდეს. მაგრამ პიონჩანგში ტენიანობა საკმაოდ მაღალია”, – განუცხადა სააგენტო “როიტერს” კასპერმა.
პროგნოზების მიხედვით, ოლიმპიადის სტარტისთვის პიონჩანგში ამინდის ოდნავი გაუმჯობესებაა ნავარაუდევი.