მეცნიერთა განცხადებით, Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს მიერ დამზადებული ვაქცინები ორგანიზმში აღძრავს მტკიცე იმუნიტეტს, რომელმაც შეიძლება, კორონავირუსისგან წლობით დაგვიცვას.
ასეთი დასკვნა კიდევ უფრო ამყარებს მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ mRNA ვაქცინებით აცრილ ადამიანთა უმეტესობას შეიძლება ე. წ. ბუსტერი, ანუ გამაძლიერებელი დოზები აღარ დასჭირდეთ იქამდე, ვიდრე ვირუსი და მისი შტამები თავიანთ ამჟამინდელი ფორმებისგან ძლიერ განსხვავებულ მუტაციებს არ მიიღებენ; ეს კი ნამდვილად არ არის გარანტირებული. იმ ადამიანებს, რომლებმაც აცრამდე COVID-19 გადაიტანეს, ბუსტერები იმ შემთხვევაშიც შეიძლება აღარ დასჭირდეთ, თუკი ვირუსი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის.
„ეს იმის კარგი ნიშანია, რამდენად მყარია ამ ვაქცინით შეძენილი ჩვენი იმუნიტეტი“, — ამბობს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის იმუნოლოგი ელი ელბედი.
კვლევის ფარგლებში Johnson & Johnson-ის ვაქცინა არ შეუსწავლიათ, მაგრამ როგორც დოქტორი ელბედი აღნიშნავს, მის მიერ წარმოქმნილი იმუნური პასუხი ნაკლებად მტკიცე უნდა იყოს, ვიდრე mRNA ვაქცინების.
გასულ თვეში დოქტორი ელბედი და მისი კოლეგები იუწყებოდნენ, რომ კოვიდგადატანილ ადამიანებში ვირუსის ამომცნობი იმუნური უჯრედები ძვლის ტვინში ინფექციიდან სულ მცირე რვა თვის განმავლობაში რჩება. სხვა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევა კი მიუთითებდა, რომ ე. წ. მეხსიერების B ლიმფოციტები მომწიფებას და გაძლიერებას ინფექციიდან სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში აგრძელებს.
ამ აღმოჩენებზე დაყრდნობით, მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ იმ ადამიანებში, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს და მოგვიანებით აიცრნენ, იმუნიტეტი შეიძლება წლობით გაგრძელდეს, შესაძლოა მთელი ცხოვრების განმავლობაშიც. თუმცა, ბუნდოვანი რჩებოდა, შეიძლება თუ არა ასეთივე ხანგრძლივი ეფექტი ჰქონოდა მხოლოდ ვაქცინაციას.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დოქტორი ელბედის ჯგუფმა მეხსიერების უჯრედების წყაროს შესწავლის გზით გადაწყვიტა: ლიმფური კვანძების, სადაც იმუნური უჯრედები ვირუსის ამოცნობას და მასთან ბრძოლას სწავლობენ.
ინფექციის ან ვაქცინაციის შემდეგ, ლიმფურ კვანძებში ყალიბდება სპეციალური სტრუქტურა, სახელად გერმინაციული ცენტრი. ეს სტრუქტურა ნამდვილი „ელიტური სკოლაა“ B ლიმფოციტებისთვის — ადგილი, სადაც ისინი სულ უფრო იხვეწებიან და ვირუსის მრავალი სახის გენეტიკურ მიმდევრობათა ამოცნობას სწავლობენ.
რაც უფრო ფართო და ხანგრძლივია ამ უჯრედთა მიერ ამ სტრუქტურებში განვლილი პრაქტიკა, უფრო მეტია ალბათობა, რომ მათ ვირუსის სხვადასხვა ახალი შტამის განადგურება შეძლონ.
„ყველა მუდამ ვირუსის ევოლუციაზეა ფოკუსირებული და როგორც ჩანს, სწორედ ამას აკეთებენ B ლიმფოციტებიც. შესაბამისად, დამცველობით უნარი მათ ვირუსის მიმდინარე ევოლუციის წინააღმდეგაც უნდა ჰქონდეთ, რაც ნამდვილად კარგი ამბავია“, — ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის იმუნოლოგი მარიონ პეპერი.
კორონავირუსის ინფექციის შემდეგ, გერმინაციული ცენტრი ფილტვებში წარმოიქმნება. თუმცა, როგორც მკვლევრებმა გაარკვიეს, ვაქცინაციის შემდეგ, უჯრედების ეს „სასწავლებელი“ იღლიების ლიმფურ კვანძებში წარმოიქმნება.
დოქტორმა ელბედიმ და მისმა კოლეგებმა 41 ადამიანი შეკრიბეს — მათ შორის რვას კორონავირუსი გადატანილი ჰქონდა, შემდეგ კი Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზით იყო აცრილი. მკვლევრებმა ლიმფური კვანძებიდან ნიმუშები 14 ადამიანს აუღო, პირველი დოზიდან სამი, ოთხი, ხუთი, შვიდი და 15 კვირის შემდეგ.
„ეს დაუღალავი შრომა გმირული კვლევით დასრულდა. ასეთი ფრთხილი, დროს მიყოლილი ანალიზების ჩატარება ადამიანებში ურთულესია“, — ამბობს იელის უნივერსიტეტის იმუნოლოგი აკიკო ივასაკი.
ელბედის ჯგუფმა დაადგინა, რომ ვაქცინის პირველი დოზიდან 15 კვირის შემდეგ, გერმინაციული ცენტრი 14-ვე მონაწილეში კვლავ ძლიერ აქტიური იყო და არ იყო შემცირებული მეხსიერების იმ უჯრედთა რაოდენობა, რომლებიც კორონავირუსს ცნობენ.
„ის ფაქტი, რომ რეაქციები ვაქცინაციიდან თითქმის ოთხი თვის განმავლობაშიც გრძელდება, ძალიან, ძალიან კარგის ნიშანია. როგორც წესი, გერმინაციული ცენტრები პიკს იმუნიზაციიდან 1-2 კვირის შემდეგ აღწევენ, შემდეგ კი მიილევიან“, — ამბობს ელბედი.
არიზონის უნივერსიტეტის იმუნოლოგის, დიპტა ბჰატაჩარიას განცხადებით, ზოგადად, 4-6 კვირის შემდეგ, მათგან თითქმის აღარაფერი რჩება.
„თუმცა, mRNA ვაქცინების მიერ სტიმულირებული გერმინაციული ცენტრები თვეების შემდეგაც ადგილზეა და ადამიანთა უმეტესობაში დიდად დასუსტებულიც არ არის“, — აღნიშნავს ბჰატაჩარია.
დოქტორი ბჰატაჩარია ამბობს, რომ რაც გერმინაციული ცენტრებზე ვიცით, დიდწილად ცხოველთა კვლევებს ეფუძნება. ახალი კვლევა კი პირველია, რომელიც აჩვენებს, რა ხდება ადამიანებში ვაქცინაციის შემდეგ.
როგორც შედეგები მიუთითებს, ვაქცინირებულ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა დიდი ხნის განმავლობაში იქნება დაცული, სულ მცირე, კორონავირუსის არსებული შტამებისგან. თუმცა, ხანდაზმულებს, სუსტი იმუნური სისტემის მქონეებს და იმ ადამიანებს, რომლებიც იმუნიტეტის დამთრგუნველ პრეპარატებს იღებენ, შეიძლება ბუსტერი დოზები დასჭირდეთ; იმ ადამიანებს კი, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს და შემდეგ აიცრნენ, შეიძლება ასეთი დოზები არც აღარასდროს დასჭირდეთ.
ძნელია იმის პროგნოზირება, ზუსტად რამდენ ხანს გასტანს mRNA ვაქცინების მიერ მონიჭებული თავდაცვა. ექსპერტთა განცხადებით, თეორიულად, შტამების არარსებობის პირობებში, ეს იმუნიტეტი მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ძლებდეს, მაგრამ აშკარაა, რომ ვირუსი ვითარდება.
„ერთადერთი, ბუსტერი დოზა საჭირო იქნება შტამების და არა მილევადი იმუნიტეტის გამო, რადგან ახლა ვერ ვხედავ, რომ იმუნიტეტი სუსტდება“, — ამბობს ბჰატაჩარია.
ადამიანებში, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანს, შემდეგ კი აიცრნენ, ანტისხეულების მნიშვნელოვანი სიძლიერე აღინიშნება და ამის მიზეზი დიდი ალბათობით მეხსიერების B ლიმფოციტებია, რომლებიც ანტისხეულებს აწარმოებენ და ვაქცინაციამდე მრავალი თვით ადრე არიან განვითარებული.
დოქტორ ელბედის განცხადებით, კარგი ამბავი ის არის, რომ ვაქცინის ბუსტერ დოზას სავარაუდოდ იგივე ეფექტი აქვს, ვიდრე გადატანილ ინფექციას იმუნიზებულ ადამიანებში.
„თუ მათ შეგულიანების ახალ შანსს მისცემ, პასუხიც მასიური იქნება“, — ამბობს ელბედი და რა თქმა უნდა, მეხსიერების B ლიმფოციტებს გულისხმობს.
მისივე განცხადებით, იმუნური სისტემის გაძლიერების თვალსაზრისით, ვაქცინაცია „ალბათ უკეთესია“, ვიდრე ნამდვილი ინფექციის გადატანა. სხვა კვლევები მიუთითებს, რომ ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილ მეხსიერების B ლიმფოციტთა კრებული უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ინფექციის შედეგად გამომუშავებული; ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ვაქცინები შტამებისგან უკეთესად დაგვიცავს, ვიდრე მხოლოდ ბუნებრივი იმუნიტეტი.
როგორც დოქტორი ელბედი აღნიშნავს, მისი კვლევის შედეგები მიუთითებს იმასაც, რომ ასეთი მტკიცე იმუნური რეაქციის ნიშნები შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ mRNA ვაქცინებით, ვიდრე უფრო ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინების, მაგალითად, Johnson & Johnson-ის შემთხვევაში.
თუმცა, დოქტორი ივასაკი შენიშნავს, რომ ასეთი შედარება არასამართლიანია, რადგან Johnson & Johnson-ს ვაქცინა ერთდოზიანია და ასეთივე პასუხი შეიძლება მისმა ბუსტერმა დოზამაც წარმოქმნას.
მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.