პეტრო პოროშენკო - საქართველოსა და უკრაინის კოორდინაცია რუსეთის აგრესიასთან მიმართებით მნიშვნელოვანია
საქართველოსა და უკრაინის კოორდინაცია მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორებიცაა რუსეთის აგრესია, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ საერთაშორისო ორგანიზაციებში ეფექტიანი კოორდინაციისთვის. ჩვენი კოორდინაცია მნიშვნელოვანი ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორებიცაა, რუსეთის აგრესია, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი.
მახსოვს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ვიზიტი და ადგილობრივებთან შეხვედრა. ამ ადამიანების ერთადერთი კითხვა იყო – რატომ მოხდა ეს, რადგან ოკუპაციამ კარგი არაფერი მოუტანა არც ოსებს, არც დონბასის მცხოვრებთ. ამიტომ ჩვენ ყველაზე კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კოორდინაცია და ეფექტიანი ნაბიჯები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.
კმაყოფილი ვარ ევროპასთან თანამშრომლობით, ორივე ქვეყანას გააჩნია უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ასევე ასოცირების შეთანხმება. ჩვენ გვაქვს ასევე ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოტენციალი. ეფექტიანად ვთანამშრომლობთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ძალიან კმაყოფილები ვართ საქართველოს თავმჯდომარეობით გუამ-ში. ვფიქრობ, უნდა გავაძლიეროთ პოლიტიკური კომპონენტი, რადგან ეკონომიკა ასე თუ ისე კარგია“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტი ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრით დაასრულა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.