ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტი  ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრით დაასრულა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრებული ისტორიული და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, რასაც ქვეყნებს შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ეფუძნება.

„უკრაინასთან განსაკუთრებული ურთიერთობები გვაკავშირებს.  ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი, ისტორიულადაც ძალიან ახლოს ვართ. ჩვენი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები და საქართველოს პარლამენტი ამ საკითხის მიმართ ენთუზიაზმით არის განწყობილი. წელს ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იუბილეს აღვნიშნავთ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საუბარი შეეხო ქვეყნების წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებსა და მათთან გასამკლავებლად, კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ირაკლი კობახეძისა და პეტრო პოროშენკოს შორის გამართულ შეხვედრაზე ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და სხვადასხვა მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გამახვილდა.

ასევე, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან პოტენციალს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესიც.

აღინიშნა, რომ საერთო მიზნების მისაღწევად, საქართველომ და უკრაინამ საერთაშორისო ფორმატში, კოორდინირებულად უნდა იმუშაონ.

მხარეებმა ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურეს.