უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თქმით, რუსეთი ქალაქ მარიუპოლისა და ბერდიანსკის დაკავებას გეგმავს. ეს განცხადება პეტრო პოროშენკომ გერმანულ Funke Media Group- თან ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, ამ ქალაქების დაკავება მოსკოვს დონბასიდან ყირიმთან დამაკავშირებელი დერეფნის გასაჭრელად სჭირდება.
„რუსეთი არ ამბობს უარს თავის გეგმაზე, გააფართოვოს უკრაინის ოკუპაცია“, – ამბობს პოროშენკო.
ამავე ინტერვიუში უკრაინის ლიდერმა მოუწოდა გერმანიას და ნატო-ს სხვა სახელმწიფოებს, შავ ზღვაში მეტი გემები გააგზავნონ.
„რუსეთის აგრესიული ქმედებები მიუღებელია. საერთაშორისო საზოგადოებამ და გაერთიანებულმა ევროპამ უნდა გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე. აუცილებელია გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი 2“ -ის მშენებლობის შეჩერება და სანქციების გამკაცრება“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.