პეტრო პოროშენკო - მადლობა ევროპელ პარტნიორებს უკრაინის რეფორმების მხარდაჭერისთვის ხუთი წლის განმავლობაში
პეტრო პოროშენკო - მადლობა ევროპელ პარტნიორებს უკრაინის რეფორმების მხარდაჭერისთვის ხუთი წლის განმავლობაში

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში, თემატური დისკუსიისას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება, ევროპელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა ვუთხრა ევროპელ პარტნიორებს მხარდაჭერის ხუთი წლისთვის, სანქციების ხუთწლიანი პოლიტიკისთვის, უკრაინის რეფორმების მხარდაჭერისთვის ხუთი წლის განმავლობაში. ამაყი ვარ, რომ დღეს უკრაინა არის წარმატების ისტორია. შესაძლოა, ერთადერთიც კი ამ ვითარებაში, რადგან ჩვენ ამ რეფორმებს ვატარებთ ომის პარალელურად“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც მას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს უსმენენ.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა არსებობდეს კოლექტიური პასუხი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ. ის ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა.

„მინდა შეგახსენოთ, რომ ქერჩის სრუტეში უკრაინულ ხომალდებზე თავდასხმაზე რუსეთის ძალიან საინტერესო ახსნა-განმარტება მოვისმინეთ – ისინი ქერჩის ხიდს იცავდნენ. წარმოგიდგენიათ, რუსეთის თავდასხმა ბალტიის ზღვაზე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასაცავად რამდენიმე წელიწადში? ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენს შემდგომ ქმედებებზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული კოორდინაცია. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი პანელი“, – აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

მისი თქმით, თუ უკრაინა შეწყვეტს მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ის უკრაინა აღარ იქნება.