მამუკა ბახტაძე - ვიდრე არ გვექნება მყარი უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში, არ შეიძლება, ვისაუბროთ მდგრად სტაბილურობაზე, მათ შორის ევროპაშიც
მამუკა ბახტაძე - ვიდრე არ გვექნება მყარი უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში, არ შეიძლება, ვისაუბროთ მდგრად სტაბილურობაზე, მათ შორის ევროპაშიც

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობს თემატურ დისკუსიაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება.

როგორც მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ, რასაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაც მოჰყვა, რა თქმა უნდა, ძირი გამოუთხარა უსაფრთხოებისა და მშვიდობის იდეას.

„დღეს ბევრი ექსპერტი ამბობდა, რომ ეს არის საფრთხე აღმოსავლეთ ევროპისთვის. ნება მომეცით, არ დავეთანხმო ამ აზრს, რადგან ეს დიდი საფრთხეა მთელი ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის. ჩემი პოზიციაა, რომ ვიდრე არ გვექნება მყარი უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში, არ შეიძლება, ვისაუბროთ მდგრად სტაბილურობაზე, მათ შორის ევროპაშიც.

მინდა, გამოვეხმაურო პრეზიდენტ პოროშენკოს აზრს, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, მოვახდინოთ მისი კონსოლიდირება, მათი, ვისაც სჯერა თავისუფლებისა და დემოკრატიის. რასაც დღეს ვხედავთ, ეს ძალიან საშიშია, თუმცა წელს ჩვენ მოვისმინეთ ბევრი მტკიცე განცხადება და ვართ განწყობილები ოპტიმისტურად.

ვფიქრობ, საქართველო არის დიდი წარმატების ისტორია, რადგან გვაქვს მტკივნეული გამოწვევები საქართველოში. რუსეთი აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, მაგრამ მედგრად ვდგავართ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა.

„სულ ვცდილობ, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი არჩევანი, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, არის არა მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, არამედ ცივილიზაციური არჩევანია, ძალიან საფუძვლიანი არჩევანია.

სწორედ ამიტომ, ჩვენი მოსახლეობის 90 პროცენტი ამ იდეას იზიარებს. ამ მხრივ, მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა გვაქვს, სწორედ ამ გზავნილის მიწოდებას ვცდილობთ ჩვენი კარგი მეგობრებისთვის დასავლეთში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძესთან ერთად, თემატურ დისკუსიაში რამდენიმე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური ჩაერთვება.