პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე ტომოსისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გამო აღძრეს
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე ტომოსისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გამო აღძრეს.
როგორც თავად ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, მას ბრალად ედება „რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება“.
ეს განცხადება პოროშენკომ აქციაზე გააკეთა, რომელიც კიევის პეჩერის რაიონის სასამართლოს შენობასთან იმართება.
„თურმე, მათ კიდევ ერთი საქმე აღძრეს ჩემ წინააღმდეგ. მას ასე ჰქვია – „რელიგიებს შორის შუღლის გაღვივება ტომოსის მიღებისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნის გზით“, – განაცხადა პოროშენკომ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს სასამართლო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ კიდევ ერთ საქმეზე პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. ეს საქმე ეხება უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტზე სერგეი სემოჩკოს დანიშვნას. კერძოდ, გამოძიება ამტკიცებს, რომ 2018 წელს პოროშენკომ ხელი მოაწერა „უკანონო ბრძანებას“, რომელმაც უბიძგა საგარეო დაზვერვის ყოფილ უფროსს უფლებამოსილებისთვის გადაეჭარბებინა და პოროშენკოს ბრძანებით მოადგილედ დაენიშნა სერგეი სემოჩკო.
10 ივნისს პოროშენკო პროკურატურაში ასევე დაკითხეს ცნობილი მხატვრების 43 ტილოს კონტრაბანდის საქმეზე.