პეტრე ცისკარიშვილი - მიშა ჩამოდის ორ ოქტომბერს, საღამოს, როდესაც უბნები იქნება გასამაგრებელი
ოპოზიცია გაძლიერდება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნით და მთლიანად ოპოზიცია იზეიმებს გამარჯვებას ორში, ხოლო შემდეგ უკვე საპარლამენტო არჩევნებზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ისეთ დროს ემთხვევა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, როდესაც საარჩევნო უბნები იქნება გასამაგრებელი.
„მიშა ჩამოდის ორში საღამოს, როდესაც უკვე იქნება უბნებზე ხმების დათვლის პროცესი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა, რომელიც არის მთავარი ოპოზიციური პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი დღემდე, რისთვის უნდა დაიჭირონ, პიჯაკების საქმისთვის თუ საპონი რომ იყიდა სხვა ქვეყნის პრეზიდენტისთვის. ასეთი აბსურდული საქმეები რომ არის შეთითხნილი მიშას წინააღმდეგ, ყველასთვის გასაგებია, ქვეყნის შიგნითაც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც. ეს არის პოლიტიკური დაჭერა და პოლიტიკური დევნა. 2 ოქტომბრის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური დაჭერების თავი არ ექნება, რადგან პოლიტიკურად უკვე გაცილებით დასუსტებული იქნება. რეალურად, მის წინააღმდეგ საქმე როგორც ასეთი, კრიმინალური არ არსებობს, თუმცა მაინც არის რისკი, რომ აგონიაში მყოფი, გამწარებული რეჟიმი ეცდება მის დაკავებას. ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა მიშას არ აქვს, ამ რეჟიმის ციხეების, საპყრობილეების შიში არ აქვს. ასე რომ, როგორ გამარჯვებას ჩაიწერენ, ვნახავთ, არავის მათი წიხლის არ ეშინია. ოპოზიცია გაძლიერდება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნით და მთლიანად ოპოზიცია იზეიმებს გამარჯვებას ორში, ხოლო შემდეგ უკვე საპარლამენტო არჩევნებზე.
მიშას მოუსმინეთ ალბათ, ისეთ დროს ემთხვევა ჩამოსვლა, უბნებია გასამაგრებელი, რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რათა გააყალბოს. ჩვენ სულ რამდენიმე თვე, პრაქტიკულად ერთი წელია გასული მას შემდეგ, რაც ვნახეთ, როგორ გადაწერეს ოქმები. „ოცნებამ“ იცის, რომ მიშას ჩამოსვლით ჩვენი პარტიაც და მთლიანად ოპოზიციაც გაძლიერდება. იმ შემთხვევაში, როდესაც ოპოზიცია ძლიერდება, „ოცნება“ პოლიტიკურად სუსტდება. აგონიაში მყოფი რეჟიმის ბოლო ჟამია. განცხადებებს აკეთებენ არადამაჯერებელს, ზუსტად არ იციან, რა უნდა ქნან, რისთვის იჭერენ ადამიანს, რომელმაც თანამედროვე სახელმწიფო დააფუძნა, ასეთი პოლიტიკური პატიმრის ყოფნა რა თქმა უნდა, მათ არ აწყობთ, მაგრამ მათ ასევე უნდათ, რომ პოლიტიკური განაჩენი მოიყვანონ სისრულეში და ამყოფონ საპყრობილეში. 10-15 პროცენტს, რომელზეც დგას „ქართული ოცნება“, იმ ადამიანებს, რომლებიც 5 ივლისს რუსთაველზე ვიხილეთ, რა თქმა უნდა, უნდათ, რომ მიშა იყოს ციხეში და არა ქართულ პოლიტიკაში. ისინი ცდილობენ, ამ თავის ფუნდამენტალისტ მხარდამჭერებს ბარტყი გადაუგდონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ გამოუვათ, რადგან არც მათი ციხის არავის ეშინია და პოლიტიკურადაც 2 ოქტომბრის შემდეგ ძალიან სუსტები იქნებიან“, – განაცხადა პეტრე ციკარიშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ვიდეომიმართვისას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.