პეტრე ცისკარიშვილი - მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ზელენსკის, ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ელჩი კიევიდან იქნეს გამოძევებული
ჩვენი პარტიის სახელით, მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინელ ხალხს, უკრაინაში მართლაც ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ელჩი იქნეს გამოძევებული კიევიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
როგორც პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი ზელენსკი და მისი ადმინისტრაცია ბოლო წლინახევრის განმავლობაში გვერდიდან აკვირდებოდნენ საქართველოს, ხელისუფლების მოქმედებებს, მათ ხელშეწყობას რუსული რეჟიმისთვის ეკონომიკური ბლოკადის გარღვევაში, როგორც ეს თავად რუსეთის საბაჟოს სამსახურმა განაცხადა.
საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს და ეხმარება რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაში, ვაჭრობაში, ვალუტის გადინებაში და იქიდან, შესაბამისად, ადამიანების და მათი გადმოგზავნილი ფულის მიღებაში და ყველაფერ იმაში, რასაც შემდეგ რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ იქ სამხედრო კამპანიის საწარმოებლად. პრეზიდენტ ზელენსკიმ შარშან, წლის ბოლოს, ძალიან კოლეგიალურად, ადამიანურად ითხოვა უკრაინის მოქალაქის, თავისი მეგობრის, მისი ადმინისტრაციის მთავარი რეფორმატორის, მიშა სააკაშვილის გათავისუფლება ჰუმანიტარული მიზნით, მაგრამ „ქოცების“ რეჟიმმა, „რუსულმა ოცნებამ“ ეს თხოვნა არ შეისმინა, შესაბამისი გადაწყვეტილებები, მოგეხსენებათ, არ მიიღო. ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად მთელმა უკრაინამ იხილა მიშას კადრები, პირდაპირ გაიგივებული საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრის კადრები, გუშინ და ამას მოჰყვა ძალიან მკვეთრი რეაქცია, რისთვისაც მე ვუხდი მადლობას, ჩვენი პარტიის სახელით, პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინელ ხალხს, ყველას ვუხდით დიდ მადლობას, რადგან უკრაინაში მართლაც ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ელჩი იქნეს გამოძევებული კიევიდან“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.