პეტრას ციხეზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მომავალი წლისთვის დასრულდება
ქობულეთში მდებარე ისტორიული პეტრას ციხე, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია, მალე ახალი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი გახდება. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მომავალი წლისთვის დასრულდება.
ციხის ტერიტორიაზე მოეწყობა ადაპტირებული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, კაფე, საექსპოზიციო ნაგებობები და ავტოსადგომი.
„უახლოეს დღეებში პეტრას ციხეზე ჩვენ ვიწყებთ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტს. მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, რაც მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული ტურისტებზე. გაჩნდება ახალი სივრცეები. პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც იქნება ახალი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი“, – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
სამუშაოები 2020 წელს დასრულდება. ბიუჯეტი 1 750 000 ლარია.
ციხე–ქალაქი პეტრა ადრეფეოდალური კულტურის ერთ–ერთი უბრწყინვალესი ძეგლია, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება. შუა საუკუნეებისათვის პეტრას ციხე იმდენად მიუდგომელი გახდა, რომ მას „ქაჯეთის ციხე“ უწოდეს.