ფესტივალი „ჯორჯიან რეივი“ პეტრას ციხის ტერიტორიის ნაცვლად, ქობულეთის ფიჭვნარში გაიმართება
ფესტივალი „ჯორჯიან რეივი“ პეტრას ციხის ტერიტორიის ნაცვლად, ქობულეთის ფიჭვნარში გაიმართება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ჯორჯიან რეივი“ სოფელ ციხისძირში პეტრას ციხის ტერიტორიის ნაცვლად, ქობულეთის ფიჭვნარის ტერიტორიაზე 10 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალ „ჯორჯიან რეივის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი დეკანოიძე ადასტურებს.

„პეტრას ციხეზე გასამართი ფესტივალი გაიმართება ქობულეთის ფიჭვნარში 10 აგვისტოს, იგივე არტისტებით. მხოლოდ ლოკაცია იცვლება, სხვა არაფერი. პროტესტი იყო მოსახლეობის მხრიდან. ქობულეთის მერიაში შევიდა განცხადება, მაგრამ ეს განცხადება არ ეკუთვნოდა ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ რა წერილიც მოგვივიდა, იქ მოსახლეობის სახელები და გვარები ეწერა, ასევე პირადობის ნომრებიც ეწერა. ზოგ შემთხვევაში, პირადობის ნომრების ნაცვლად, მობილურის ნომრები იყო მითითებული. როდესაც ამ ნომრებზე გადამოწმების მიზნით გადავრეკეთ, ასეთი პასუხებს გვცემდნენ, რომ თვითონაც არ იცოდნენ, რას მოაწერეს ხელი. თავდაპირველად პროტესტი ჰქონდათ სასულიერო პირებს და მამაოების გავლენის ქვეშ მოექცნენ ქობულეთის მერიაც და ადგილობრივი ძეგლთა დაცვის სააგენტოც“, – განაცხადა გიორგი დეკანოიძემ.

ფესტივალ „ჯორჯიან რეივის“ ორგანიზატორები ამბობენ, რომ ლოკაციის შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფესტივალის გამართვის გაუქმების მიზნით მოსახლეობამ ქობულეთის მერს განცხადებით მიმართა, სადაც ადგილობრივები და სასულიერო პირები ფესტივალის გამართვას აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ, ფესტივალი პეტრას ციხის ტერიტორიაზე არ ჩატარებულიყო.