პეტერ მადიარი - ევროკავშირის შემოთავაზებული შვიდწლიანი ბიუჯეტი ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელია, როდესაც საქმე არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას ეხება, უმრავლესობა სულ უფრო მეტად ეთანხმება უნგრეთის პოზიციას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ 2028-2034 წლების ევროკავშირის შემოთავაზებული ბიუჯეტი უნგრეთისთვის მიუღებელია. მისივე თქმით, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით ქვეყნების უმრავლესობა ბუდაპეშტის პოზიციას სულ უფრო ეთანხმება.
ამასთან, მადიარმა კომენტარი გააკეთა უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებაზე, სადაც ორბანმა მას ბრალი დასდო უნგრელი ბავშვების „გენდერული ლობის“ წყალობის იმედად დატოვებაში, რათა ბრიუსელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. მადიარის თქმით, ორბანი კვლავ დეზინფორმაციას ავრცელებს.
„ვამაყობ, რომ უნგრეთმა მილიარდობით ევროს დამატებითი დაფინანსება უზრუნველყო. ნათლად განვაცხადე, რომ ევროკავშირის შემოთავაზებული შვიდწლიანი ბიუჯეტი ჩვენი ქვეყნისთვის ამჟამინდელი სახით მიუღებელია. როდესაც საქმე არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას ეხება, უმრავლესობა სულ უფრო მეტად ეთანხმება უნგრეთის პოზიციას. მიუღებლად მიმაჩნია, რომ „ფიდესმა“ და გადაყენებულმა პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ უღალატეს უნგრელ ბავშვებს და აშკარა ტყუილებს ავრცელებენ როგორც ბრიუსელში, ასევე ქვეყნის შიგნით“, – აცხადებს მადიარი.
ამასთან, მედიის ცნობით, უნგრეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხების „ეროვნული პაკეტი“ 30 მილიარდი ევროდან 31 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.