პეტერ ფიშერი - გერმანიას აქვს ომების საშინელი ისტორია, სიფრთხილე სამხედრო ქმედებებში სწორი მიმართულებაა, უკრაინის მოლოდინებთან შედარებით, რეაგირება შესაძლოა, იყო ოდნავ ნელი, მაგრამ აღმოვუჩინეთ დიდი სამხედრო მხარდაჭერა
პეტერ ფიშერი - გერმანიას აქვს ომების საშინელი ისტორია, სიფრთხილე სამხედრო ქმედებებში სწორი მიმართულებაა, უკრაინის მოლოდინებთან შედარებით, რეაგირება შესაძლოა, იყო ოდნავ ნელი, მაგრამ აღმოვუჩინეთ დიდი სამხედრო მხარდაჭერა

გერმანიას აქვს აგრესიის, ომების გაჩაღების საშინელი ისტორია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ თავშეკავება და სიფრთხილე სამხედრო ქმედებებში მოქმედების სწორი მიმართულებაა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუს დროს იმ კითხვაზე საპასუხოდ, რომლის თანახმადაც: „ბოლო კვირებში გერმანიამ გაზარდა უკრაინის სამხედრო დახმარება, თუმცა ომის დასაწყისში, ჩვენ ვხედავდით ერთგვარ ყოყმანს, თავშეკავებას გერმანიის მხრიდან უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდების კუთხით. რა გახდა იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით პოზიციის ცვლილების მიზეზი?“.

პეტერ ფიშერის განმარტებით, რისკები დიდი სიფრთხილით უნდა აწონ-დაწონონ.

ამასთან, პეტერ ფიშერი ამბობს, რომ გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას გააგრძელებს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და ეს იქნება მოკავშირეთა ერთიანი ძალისხმევის ნაწილი.

„უპირველეს ყოვლისა, ვიტყოდი, რომ გერმანია უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია და არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, ეს არის ასევე ეკონომიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული მხარდაჭერა. ჩვენ მივიღეთ ერთ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი, უზრუნველვყავით საცხოვრებლით, ბავშვები სკოლით, სამედიცინო დახმარებით და ა.შ. ასე რომ, სამხედრო დახმარება არის მხოლოდ ერთი ნაწილი. თქვენ გამოიყენეთ სიტყვა „თავშეკავება“. გერმანიას აქვს აგრესიის, გენოციდის ომების გაჩაღების საშინელი ისტორია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავშეკავება და სიფრთხილე სამხედრო ქმედებებში მოქმედების სწორი მიმართულებაა. კანცლერმა შოლცმა თქვა, რომ ჩვენი საქმეა ომის შეკავება და არა მისი გაფართოება. ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ რისკები დიდი სიფრთხილით. მართალია, რომ უკრაინის მოლოდინებთან შედარებით, შესაძლოა, გერმანიის რეაგირება იყო ოდნავ ნელი, მაგრამ ამავე დროს, როგორც აღნიშნეთ, ჩვენ უკრაინას აღმოვუჩინეთ ძალიან დიდი სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის ყველაზე ეფექტიანი იარაღით, საჰაერო თავდაცვის ჩათვლით. ჩვენ დავპირდით, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას გავაგრძელებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ეს არ მოხდება ცალკე, არამედ ყოველთვის კონსულტაციებით და როგორც მოკავშირეთა ერთიანი ძალისხმევის ნაწილი. ამგვარად, იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, მუშაობენ ერთად და აწვდიან მას იმ შეიარაღებას, რომელიც სჭირდება თავდაცვისთვის“, – აღნიშნა პეტერ ფიშერმა.