პეტერ ფიშერი - ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი მომავალ კვირას
პეტერ ფიშერი - ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი მომავალ კვირას

ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი მომავალ კვირას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც გერმანიის ელჩმა აღნიშნა, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ კვირას ევროპულმა საბჭომ რთულ და სარისკო გეოპოლიტიკურ ვითარებაში აჩვენოს, რომ შეგვიძლია გადაწყვეტილებების მიღება“.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭოს დღის წესრიგშია. ჩვენ უნდა დაველოდოთ საბჭოს. არის რთული გადაწყვეტილებები, არის ერთ-ერთი წევრი ქვეყანა, რომელიც იმაზე მეტად ართულებს ვითარებას, ვიდრე უნდა იყოს, მაგრამ ეს არის ის, თუ როგორ მუშაობს კავშირი. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული საბჭო რთულ საკითხებს განიხილავს. ჩვენ პასუხისმგებლობების ამაღლების, რთული გადაწყვეტილებების დროს კომპრომისებისა და კონსენსუსის მიღწევის კარგი გამოცდილება გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალ კვირას ევროპულმა საბჭომ რთულ და სარისკო გეოპოლიტიკურ ვითარებაში აჩვენოს, რომ შეგვიძლია გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება. გაფართოება არის ჩვენი პასუხი მსოფლიოში არსებულ რთულ ვითარებაზე. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი მომავალ კვირას, მაგრამ თუ ეს არ მოხდება მომავალ კვირას, მაშინ ეს მოხდება მალე, თუმცა მაინც იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას მოხდება“, – განაცხადა ელჩმა.