პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ვებინარი გაიმართა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით საბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის ვებინარი გამართეს. ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ და საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ გახსნეს.
„შეხვედრა, რომელსაც საბანკო სექტორის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, საბანკო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და ამ სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო ამაღლებას ისახავდა მიზნად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა ვებინარის მონაწილეებს საბანკო სექტორში მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული გამოწვევები გააცნეს.
ასევე, ყურადღება გამახვილდა საბანკო დაწესებულებების მიერ პერსონალური მონაცემების სხვა სახელმწიფოში გადაცემაზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებულ ძირითად ცვლილებებზე.
შეხვედრის ბოლოს განხილულ იქნა საბანკო სექტორში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამომავლო გეგმები. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საბანკო სექტორისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები და ამ საკითხზე თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება 2021 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.
კომერციული ბანკები საქართველოში მონაცემთა ერთ-ერთი მსხვილი დამმუშავებლები არიან. ისინი ყოველდღიურად ასეულობით ადამიანის შესახებ მოცულობით ინფორმაციას ამუშავებენ. საბანკო საქმიანობა პერსონალური მონაცემების სპეციფიკურ დამუშავებას გულისხმობს და ხშირად, მოქალაქეებს არ აქვთ სათანადო ცოდნა მათი მონაცემების დამუშავების შესახებ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საბანკო მომსახურების გაწევისას მონაცემების დამუშავების პროცესები იყოს კანონიერი, პროპორციული და ემყარებოდეს სამართლიან ბალანსს ბანკის კანონიერ ინტერესებსა და მოქალაქის უფლებებს შორის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, 2021 წელს საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ფორმატში მუშაობას აქტიურად გააგრძელებს“,- აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციაში.