პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პირდაპირი მარკეტინგის კანონდარღვევით დამუშავებისთვის არაერთი ფიზიკური და იურიდიული პირი გამოავლინა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პირდაპირი მარკეტინგის კანონდარღვევით დამუშავებისთვის არაერთი ფიზიკური და იურიდიული პირი გამოავლინა, – ამის შესახებ განცხადებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
„2024 წლის პირველ მარტს ძალაში შევიდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი, რომლის თანახმად, სხვა უმნიშვნელოვანეს სიახლეებთან ერთად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების ახლებური წესი ჩამოყალიბდა.
საყურადღებოა, რომ, მიუხედავად მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს განცხადებითა და შეტყობინებით მომართა ასობით პირმა, მათ მფლობელობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე, მათი თანხმობის გარეშე, მარკეტინგული შინაარსის არაერთი მოკლეტექსტური შეტყობინებების მიღების შესახებ. წარმოდგენილი მომართვები, მათ შორის, მიემართებოდა ერთსა და იმავე კომპანიებისგან მიღებულ შეტყობინებებს. სამსახურის მიერ დაიდენტიფიცირდა პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელი, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და წარმოდგენილი განცხადებების/შეტყობინებების რაოდენობისა და შინაარსის, მოცემული კომპანიების საქმიანობის სპეციფიკისა და მათ მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესაძლო მასშტაბის გათვალისწინებით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების შესაძლო კანონდარღვევით დამუშავების ფაქტების გამოსავლენად დაიწყო არაგეგმური შემოწმებები (ინსპექტირებები).
შემოწმებების (ინსპექტირებების) ფარგლებში, მონაცემთა სუბიექტების მიერ სამსახურში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გამოვლინდა, რომ პირდაპირი მარკეტინგის განსახორციელებლად ავტორიზებული პირების მომსახურებას იყენებდა არაერთი კომპანია (კონტრაქტორი კომპანია), რომელთა მიზნებისთვისაც სატელეფონო ნომრებზე იგზავნებოდა მარკეტინგული შეთავაზებები. ამდენად, სამსახურმა ასევე შეაფასა დასახელებული კომპანიების მიერ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავების კანონშესაბამისობის საკითხიც.
შემოწმებების ფარგლებში მოცემული დროისთვის სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა არაერთი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებსაც სანქციის სახით დაეკისრათ როგორც გაფრთხილება, ასევე ჯარიმა. ამასთან, სამსახურმა ყველა იმ პირს, რომლებიც მონაცემთა სუბიექტების სატელეფონო ნომრებს ამუშავებდნენ მათი თანხმობის გარეშე, მისცა შესასრულებლად სავალდებულო დავალება როგორც მონაცემთა ბაზებში ასახული სატელეფონო ნომრების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავების შეწყვეტის შესახებ, ასევე კანონით განსაზღვრული მონიტორინგის გაწევის თაობაზე, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მონაცემების უკანონო დამუშავების პროცესების სამომავლო აღკვეთას. ნიშანდობლივია, რომ სამსახურის მიერ გაცემული დავალებები შესასრულებლად სავალდებულოა.
აღსანიშნავია, რომ შემოწმებების მიმდინარეობისას გამოიკვეთა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კონტრაქტორ კომპანიებს მონაცემთა სუბიექტების თანხმობები მოპოვებული ჰქონდათ კანონის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად, მათ მიერ მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებისას არ გამოიკვეთა კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები.
სამსახური კვლავ აგრძელებს სხვადასხვა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის/დამუშავებისთვის უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა სუბიექტების პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავების კანონიერების შესწავლას“, – აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.