პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მიზნით შემოწმება დაიწყო.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ საქმე ეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერებს, რომელშიც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნაა ასახული.
„2023 წლის 15 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვდა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
აღნიშნული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებისთანავე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 40 13 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით, დაუყოვნებლივ დაიწყო შემოწმება, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მიზნით.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სამსახურში მიმდინარეობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერების 2022 წლის 14 დეკემბერს გასაჯაროების კანონიერების შემოწმება, რომელთან დაკავშირებით აქტიურად ტარდება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მოქმედებები.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით აცნობებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა. როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, კადრები საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით გამოქვეყნდა.