ქარის დახმარებით, ზოგიერთ პეპელას მთლიანი ოკეანეების გადაფრენა შეუძლია.
მსოფლიოში პირველად ჩატარებულმა ამ სახის კვლევამ აჩვენა, რომ პეპელას, რომელსაც მოხატულ ქალბატონს (Vanessa cardui) უწოდებენ, მსოფლიოში სიდიდით მეორე ოკეანის, ატლანტის ოკეანის გადაფრენა შეუძლია, 4200 კილომეტრის დაფარვა სულ რაღაც 5-8 დღეში.
მკვლევართა განცხადებით, ეს გზა ყველაზე გრძელი დოკუმენტირებული გზაა მწერებში, თანაც, სავარაუდოდ პირველი დადასტურებული ტრანსატლანტიკური კვეთა.
საოცარ აღმოჩენამდე თითქმის ათწლიანი გაურკვევლობის შემდეგ მივიდნენ.
ყველაფერი 2013 წელს დაიწყო, როდესაც საფრანგეთის გვიანის პლაჟებზე დაღლილი პეპლების გუნდი დაეშვა დახეული და გაცრეცილი ფრთებით. ოქტომბრის ერთ დილას, მწერები ქვიშაში ენტომოლოგმა ჟერარ ტალავერამ იპოვა და ლამის შოკში ჩავარდა.
ისინი მოხატული ქალბატონი პეპლები იყვნენ — სტაბილური პოპულაციების მქონე სახეობა, რომელიც ყველა კონტინენტზე გვხვდება ანტარქტიდისა და სამხრეთ ამერიკის გარდა.
ტალავერა მთელი მომდევნო წლები იმტვრევდა თავს, თუ როგორ მოხვდნენ მწერები სამხრეთ ამერიკაში და საიდან მოვიდნენ ისინი. როგორც იქნა, ახლა მას უკვე აქვს პასუხი.
პეპლებზე დარჩენილი ყვავილის მტვრის ანალიზით, ტალავერამ და მისმა კოლეგებმა ბარსელონის ბოტანიკური ინსტიტუტიდან, დაადგინეს, რომ ეს დაკარგული გუნდა სავარაუდოდ სუბსაჰარული აფრიკიდან აფრინდა და შემთხვევით განახორციელა ტრანსატლანტიკური მოგზაურობა.
როგორც ჩანს, 2013 წელს, ზრდასრული მწერები ძლიერ პასატ ქარში მოხვდნენ, რომელმაც ისინი 4200 კილომეტრი ატარა.
იმ წლის პასატი ქარების შეფასებით, პეპლების ეს მოგზაურობა დაახლოებით 5-8 დღე უნდა გაგრძელებულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ გზად დასაჯდომი არსად იყო, მწერებს ხანდახან საკუთარი ფრთების გამოყენებაც მოუწევდათ.
მკვლევართა აზრით, ძლიერი ქარის გარეშე მწერების გუნდი მხოლოდ 780 კილომეტრის გადაფრენას შეძლებდა, შემდეგი კი მთელი ენერგია გამოელეოდათ და დაიხოცებოდნენ.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ მწერების ტრანსოკეანურ მოგზაურობას შეიძლება არასწორად ვაფასებდით და წარმოაჩენს საჰაერო გზების მნიშნველობას, რომლებიც კონტინენტებს აკავშირებენ პასატი ქარების დახმარებით“, — წერენ მკვლევრები.
პეპელა მონარქი (Danaus plexippus) მსოფლიოში განთქმულია თითქმის 5000-კილომეტრიანი მიგრაციით, რომელსაც ის ჩრდილოეთ ამერიკიდან მექსიკამდე გადის, მაგრამ ყოველწლიურად დიდ მანძილს გადიან მოხატული ქალბატონი პეპლებიც, ევროპასა და აფრიკას შორის. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ერთ თაობას 4000 კილომეტრზე დიდ მანძილზე შეუძლია გადაადგილება.
შედეგად, ისინი ყველაზე შორს მიგრირებადი პეპლები არიან, მაგრამ სხვა ჰაერში მოძრავი ფრინველებისგან განსხვავებით, მწერების მსგავს პატარა არსებათა გლობალური მოძრაობების მეთვალყურეობა გაცილებით რთულია.
საფრანგეთის გვიანაში აღმოჩენილი მოხატული ქალბატონი პეპლების ფრთებზე აღმოვაჩინეთ იზოტოპები, რომლებიც მიუთითებს, რომ ისინი დასავლეთ ევროპაში არიან დაბადებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდმა შეიძლება 7000 კილომეტრზე მეტიც გაიარა და სულ მცირე სამ კონტინენტს ესტუმრა.
„პირველი შემთხვევაა, როცა მოლეკულური მეთოდების ასეთი კომბინაცია, მათ შორის იზოტოპების გეოლოკაცია და ყვავილის მტვრის მეტაბარკოდირება გადამფრენ მწერებზე შემოწმდა“, — ამბობს ოტავის უნივერსიტეტის გეოქიმიკოსი კლემენტ ბატალი.
მისი განცხადებით, შედეგები ძლიერ იმედისმომცემია და ერგება სხვა მრავალ გადამფრენ მწერთა სახეობასაც. ამ მეთოდმა ფუნდამენტურად უნდა გარდაქმნას ჩვენი წარმოდგენა მწერების მიგრაციის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ გრძელმანძილიანი მიგრაცია ევროპიდან აფრიკაში ან ჩრდილოეთ ამერიკიდან ცენტრალურ ამერიკაში უდავოდ შთამბეჭდავია, გზად მათ უამრავი ადგილი ხვდებათ, სადაც შესვენება და ძალების აღდგენა შეუძლიათ. ოკეანის გადაკვეთა მათთვის სულ სხვა გამოწვევაა.
მოხატული ქალბატონი პეპლები ნეკა თითის ზომის არიან და ქინძისთავისოდენა თავის ტვინი აქვთ, მაგრამ საოცარი მფრინავები არიან.
უფრო მეტიც, ასეთი პატარა ზომა მათი უპირატესობაა. ამის გამო, შეუძლიათ ქარს გაჰყვნენ და ზოგჯერ 48 კმ/სთ სიჩქარითაც კი იმოძრაონ.
საჰარიდან ატლანტის ოკეანის გადავლით, კარიბის აუზის ტროპიკებისკენ მქროლი ქარი იმაზე ძლიერია, ვიდრე ერთ დროს მიიჩნეოდა და ასეთ მანძილზე მტვრის მსხვილი ნაწილაკებიც კი მიაქვს, 3500 კილომეტრის მანძილზე.
სრულიად ლოგიკურია, რომ ეს პატარა, ფრთიანი არსებები ასეთ ქარებს ძალიან შორს წაეყვანა, მათი მხრიდან მინიმალური ძალისხმევით.
„როგორც წესი, პეპლებს სისუსტისა და სილამაზის სიმბოლოდ მივიჩნევთ, მაგრამ მეცნიერებია გვაჩვენებს, რომ მათ საოცარი საქმეების შესრულება შეუძლიათ. მათი შესაძლებლობების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ აღმოუჩენელია“, — ამბობს ენტომოლოგი როჯერ ვილა.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია uottawa.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.