პენტაგონში განაცხადეს, რომ კურსკში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის არ ეშინიათ
პენტაგონში განაცხადეს, რომ კურსკში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის არ ეშინიათ

პენტაგონში განაცხადეს, რომ კურსკში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის არ ეშინიათ.

ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ აშფოთებთ პენტაგონში კურსკში საბრძოლო მოქმედებების ფონზე დაძაბულობის შესაძლო ზრდა, სინგჰმა თქვა: არა.

„არა, რადგანაც, ბოლოსდაბოლოს, უკრაინა იბრძვის საკუთარი სუვერენული ტერიტორიებისთვის, სადაც შეიჭრა მეზობელი. ასე რომ, თუ ჩვენ გვსურს დაძაბულობის განმუხტვა, საუკეთესო გზაა, რომ პუტინმა დღეს მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინიდან ჯარის გაყვანის შესახებ“, – განაცხადა სინგჰმა.

მისივე თქმით, უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა განაგრძოს სუვერენული ტერიტორიების დაბრუნება.

პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენები ამ სცენარში ეწერება.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას შესაძლებლობებით და სისტემებით, რომლებიც მას სჭირდება. ჩვენ ვერ ვგრძნობთ, რომ ეს რამენაირად ესკალაციას გამოიწვევს. უკრაინა აკეთებს, რაც მას სჭირდება, რომ იყო წარმატებული ბრძოლის ველზე“, – განაცხადა სინგჰმა.

მან ასევე თქვა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის წინსვლა აშშ-ის პოლიტიკასთან თანხვედრაშია, თუმცა დასძინა, რომ აშშ კვლავაც არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიის შიგნით შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებას.

უკრაინული მხარე კურსკში მიმდინარე მოვლენებზე ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.