პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებები შეშფოთებას იწვევს
პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებები შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის საზღვარზე არსებული ვითარება აშშ-ისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია.
„საქმე ეხება აშშ-ისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მნიშვნელოვან სახელმწიფო ინტერესებს და ეს ინტერესები იქნება ფსონზე, თუკი რუსები ღია სამხედრო აგრესიულ ქმედებას მიმართავენ იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც დამოუკიდებელია 1991 წლიდან“, – განაცხადა მარკ მილიმ.
ამერიკელი გენერლის თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვართან რუსული შეიარაღებული ძალების გადაადგილებას. ამასთან, მილიმ უარი თქვა დაესახელებინა ნაბიჯები, რომლებსაც აშშ განიხილავს რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.