პენტაგონში აცხადებენ, რომ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებები „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო
პენტაგონში აცხადებენ, რომ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებები „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის შეიარაღებული ძალები ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კენეთ მაკკენზიმ განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან საფრთხე რეალურია, ჩვენ ველოდებით, რომ ეს თავდასხმები გაგრძელდება და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მზად ვიყოთ“, – განაცხადა მაკკენზიმ.
მისივე თქმით, აშშ დამნაშავეებს უკვე ეძებს.
„ჩვენ მზად ვართ მათ წინააღმდეგ ვიმოქმედოთ“, – განაცხადა გენერალმა მაკკენზიმ.
ამასთან, პენტაგონში განაცხადეს, რომ მიუხედავად ქაბულის აეროპორტში აფეთქებებისა, ავღანეთიდან ამერიკელების, მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებისა და ავღანელების ნაწილის ევაკუაცია გაგრძელდება.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად უკვე ევაკუირებულია 104 000 ადამიანი, თუმცა კიდევ 1000 ამერიკელი ავღანეთში რჩება.
შეგახსენებთ, რომ ქაბულის აეროპორტთან დღეს ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც 60 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის დაიღუპა 12 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, კიდევ 140 კაცი დაიჭრა.