პენტაგონი უკრაინას 800 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს
პენტაგონი უკრაინას 800 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

პენტაგონში უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადეს.

როგორც აშშ-ის სამხედრო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კოლმა განაცხადა, ახალი პაკეტი მოიცავს 155 მილიმეტრის კალიბრის ჭურვებს, მათ შორის იქნება კასეტური საბრძოლო მასალა.

პენტაგონში განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, მათ შორის დასახელდა „გადაუდებელი საჭიროება“, რომ უკრაინამ შეძლოს საარტილერიო ბრძოლის გაგრძელება კონტრშეტევის პირობებში. კიდევ ერთ მიზეზად კი პენტაგონში უკრაინის კონტრშეტევის ნელი ტემპი დაასახელეს.

უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში ასევე იქნება „პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექტებისთვის განკუთვნილი დამატებითი საბრძოლო მასალა, ჯავშანტრანსპორტიორები „სთრაიკერი“ და მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალა.

ასევე უკრაინამ მიიღებს წინაღობების გადალახვისთვის საჭირო საბრძოლო მასალას, სათადარიგო ნაწილებს და ოპერატიული მხარდაჭერის აღჭურვილობას.