პენტაგონი თურქეთს აფრთხილებს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ცალმხრივი ქმედებები დაუშვებელია
სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ნებისმიერი ცალმხრივი ქმედებები დაუშვებელია და სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ ნათქვამია პენტაგონის წარმომადგენლის, შონ რობერტსონის განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყებას აპირებს.
აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი აღიარებს თურქეთ-სირიის საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას. ამასთან, მან აღნიშნა ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ქურთთა თავდაცვის რაზმები ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ასრულებენ.
როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ანკარა სამხედრო ოპერაციის დაწყებას ევფრატის აღმოსავლეთით გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ თურქეთის ძალები აშშ-ის სამხედრო გავლენის ზონაში იმოქმედებენ.
სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედი ქურთთა თავდაცვის რაზმები თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეები არიან. თურქეთი ორივე ორგანიზაციას ტერორისტულად მიიჩნევს, თუმცა ევროკავშირსა და აშშ-ს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში მხოლოდ „ქურთისტანის მუშათა პარტია“ ჰყავს შეყვანილი, რაც თურქეთის ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევს.
ერდოღანმა აშშ ტერორისტების დაცვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები განთავსდნენ ტერორისტების გვერდიგვერდ და მათთან ერთად გადაადგილდებიან, რათა თურქეთს თავდაცვის საშუალება წაართვან.
თურქეთის მიერ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, სირიელი ქურთები წინააღმდეგობის გაწევას აპირებენ.