საქართველოში პენსიის გაცემის წესი იცვლება. დღეიდან პენსიის გაცემა ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგით იქნება შესაძლებელი.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილებით უნდა შემცირდეს რიგები, მობილობა და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების რისკი.
„მხოლოდ ბავშვებზე ზრუნვა არ არის საკმარისი. ჩვენი ზრუნვის საგანია ღვაწლმოსილი მოხუცები, პენსიონერები და აქაც გვქონდა საკმაოდ შედეგიანი მსჯელობა საბანკო სექტორთან და მივიღეთ შემდგომი გადაწყვეტილებები. მოგეხსენებათ, რომ პენსიები ჩვენს პენსიონერებს ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში. ეს საბანკო ფილიალებში, განსაკუთრებით „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში, მუდმივად საკმაოდ მაღალი დისკომფორტის საბაბი იყო.
თუმცა, პანდემიის პირობებში, ეს დისკომფორტის გარდა, არის მაღალი რისკის მატარებელი ეპიდემიის გავრცელებისთვის. მოგეხსენებათ და ყველამ კარგად ვიცით, რომ მოხუცები არიან მაღალი რისკის ჯგუფში, ამიტომ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგის მიხედვით. რა თქმა უნდა, ყველა პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი, ამას უზრუნველყოფს ბანკი, არანაირი ტექნიკური შეფერხება და პრობლემა არ და ვერ იქნება.
შესაბამისად, მთავარი შედეგი უნდა მივიღოთ ის, რომ მობილობა, რიგები დაეცეს და ჩვენს პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა ერთ დღეს ყველამ, მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღოს პენსია, არამედ პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, თანმიმდევრულად, წყნარად, მშვიდად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება, განსაკუთეერბით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რითაც უბრალოდ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემასა და ზრუნვას ღვაწლმოსილ მოხუცებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს „ლიბერთი ბანკიც“.
„საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, 1 სექტემბრიდან შეიცვლება პენსიის გაცემის წესი, რაც გულისხმობს რომ ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად საპენსიო თანხები პენსიის მიმღები პირების ანგარიშებზე ჩაირიცხება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე, ერთ კონკრეტულ თარიღში და მომავალშიც ამ თარიღში გააგრძელებენ პენსიის მიღებას.
ამ ინიციატივის მთავარი მიზანია, გადანაწილდეს ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადი პენსიის ჩარიცხვის თარიღებში, რათა მათ მიიღონ საბანკო მომსახურება კიდევ უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეების დაცვა პანდემიის პერიოდში ვირუსით დაინფიცირების მომატებული საფრთხეებისგან“, – აცხადებენ „ლიბერთი ბანკში“.
მათივე ცნობით, პირველი სექტემბრიდან პენსიის ჩარიცხვის თარიღის გაგება შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე www.myliberty.ge, „ლიბერთის“ ნებისმიერ ბანკომატსა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით, ცხელ ხაზზე 032 255 55 00 ან „ლიბერთის“ ნებისმიერ სერვისცენტრში.
„რაც შეეხება რეგიონებსა და სოფლებს, სადაც არ არის „ლიბერთის“ სერვისცენტრები, ყოველი თვის 14 რიცხვიდან ჩვენს მოქალაქეებს მოემსახურება „ლიბერთი ექსპრესის“ მობილური ბანკი და შესაბამისი გრაფიკები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გამგეობებში.
მაგალითად, თუ სექტემბერში პენსია ჩაირიცხა 3 რიცხვში – გაგრძელდება ჩარიცხვა ყოველი თვის 3 რიცხვში, იმ შემთხვევაშიც კი თუ 3 რიცხვი ემთხვევა არასამუშაო დღეს. პენსიის მიმღები მოქალაქეები სოციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის განაღდებას, ან ბარათით გადახდებს შეძლებენ ჩარიცხვისთანავე. პენსიის თანხით სარგებლობა, როგორც განაღდება, ასევე ბარათით გადახდა შესაძლებელია ჩარიცხვის თარიღიდან ნებისმიერ დროს“, – აღნიშნავენ „ლიბერთი ბანკში“.
„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვასილ ხოდელის განცხადებით, ერთობლივი გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული და დაცული გარემოს შექმნა იყო.
„ასევე, გვინდა, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს შევთავაზოთ ღირსეული საბანკო მომსახურება და მეტი დრო დავუთმოთ მათთან ურთიერთობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რიგების განტირთვა კონკრეტულ თარიღებში, ბანკის სერვისცენტრებში ნაკადის ეფექტური გამტარობა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება. პანდემიის პერიოდში მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება, დავინახეთ ჩვენი მომხმარებლის მხრიდან მეტი მიმღებლობა სიახლეების, კერძოდ, დისტანციური საბანკო არხების გამოყენებისა და ბარათით გადახდის მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ამ სიახლესაც დადებითად შეაფასებენ როგორც ჩვენი მომხმარებლები, ასევე საზოგადოებაც“, – განაცხადა ვასილ ხოდელმა.
„ლიბერთი ბანკში“ ასევე აღნიშნავენ, რომ პენსიის მიმღები პირები სოციალური ბარათით გადახდისას სარგებლობენ სპეციალური ფასდაკლებებითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით: 70 პროცენტამდე ფასდაკლება „ევექსის“ კლინიკებში, 20 პროცენტამდე ფასდაკლება „ფარმადეპოს“ აფთიაქების ქსელში და სპეციალური ფასები 350-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე ნიკორას სუპერმარკეტების ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით. სოციალურ ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტსა და აფთიაქში – ყველგან, სადაც ბარათით გადახდა არის შესაძლებელი. სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომია „ლიბერთის“ ინტერნეტ და მობაილ ბანკის სერვისები.