პენსიებისა და სოციალური გასაცემლების დარიგების საბანკო მომსახურების შესყიდვაზე სატენდერო წინადადებების მიღება 11 მაისს დაიწყება
პენსიებისა და სოციალური გასაცემლების დარიგების საბანკო მომსახურების შესყიდვაზე სატენდერო წინადადებების მიღება 11 მაისს დაიწყება

პენსიებისა და სოციალური გასაცემლების დარიგების საბანკო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.

კომერციული ბანკების წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა, ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით ტექნიკური დეტალები განიხილეს. ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, ფულადი გასაცემლების გაცემის/დარიგების საბანკო მომსახურების შესყიდვისთვის სატენდერო წინადადებების მიღება 11 მაისს დაიწყება. ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადების წარმოდგენა კომპანიებს 16 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.

„განახლებული სატენდერო პირობების მიზანი საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაა. ბანკი, რომელიც მომავალში პენსიებსა და სოციალურ გასაცემლებს დაარიგებს, ბენეფიციარებისთვის გაცემულ სესხებში განაკვეთს შეამცირებს“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.