პეკინში ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ ფორუმი გაიხსნა, რომელშიც მსოფლიოს ლიდერები მონაწილეობენ, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
მედიის ინფორმაციით, ფორუმის 10 წლის იუბილეს 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.
ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ ფორუმი არის გეგმა, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ათი წლის წინ დაიწყო გლობალური ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ქსელების აშენების პერსპექტივით, რომელიც აზიას აფრიკასა და ევროპასთან დააკავშირებს.
შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზეც ისაუბრეს.
„მომავალ წელს 75 წელი გავა ჩინეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. ჩინეთი მზადაა, იმუშაოს რუსეთთან, ისტორიული ტენდენციების შესაბამისად და მოერგოს მსოფლიოს განვითარების ტენდენციებს, ორი ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა სი ძინპინმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ახლა ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა აუცილებელია.
„დღევანდელ რთულ პირობებში განსაკუთრებით აუცილებელია საგარეო პოლიტიკის მჭიდრო კოორდინაცია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ დღესაც განვიხილავთ ამ ყველაფერს, მათ შორის ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.