საქართველოს პირველი არხი მაყურებელს იანვარში 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ტრანსლაციას შესთავაზებს. ქართველი სპორტსმენები რამდენიმე სახეობაში იასპარეზებენ, მაყურებელს კი პირველი არხის ეთერში შეეძლება მათი გულშემატკივრობა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ასევე შეისყიდა 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ტრანსლირების ლიცენზია.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელი განსაკუთრებული იყო, რადგან პირველად საქართველოში პარალიმპიადის ტრანსლირება შედგა და მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ქართველი პარალიმპიელებისთვის ედევნებინა თვალი.
2021 წელს პირველი არხის ეთერში ასევე გადაიცა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა, რომელიც პანდემიის გამო 2021 წელს ჩატარდა.
„საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალ სეზონზე ახალი კონცეფცია აქვს – პირველი არხი ყველასთვის, რაც თითოეული მაყურებლისთვის, მსმენელისა თუ მკითხველისთვის საინტერესო პროდუქტის მიწოდებას მოიაზრებს. სპორტული ღონისძიებები, განსაკუთრებით, სადაც საქართველოს წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობენ, სწორედ ის პროდუქტია, რომელიც მთელ საზოგადოებას ჩვენს არხზე აერთიანებს.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელსაც სრული მასშტაბის დაფარვა აქვს, დიდი სპორტული ღონისძიებების ტრანსლირების უფლება მოიპოვოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აღვნიშნავ იმასაც, რომ მხოლოდ ფინანსები არ არის საკმარისი ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციის იმიჯი და რეპუტაცია, როგორც სანდო და რესპექტაბელური პარტნიორის“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
„პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადამ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები იშვიათად იყო წარმოდგენილი სოლიდური შემადგენლობით, მაგრამ ამ მხრივ, 2022 წლის თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ისტორიაში, ზამთრის ოლიმპიადაზე სრული შემადგენლობით გაემგზავრება ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრები. ჩვენს გუნდს სპორტის ამ სახეობაში ოთხივე დისციპლინაში აქვს მოპოვებული ოლიმპიური ლიცენზია და შესაბამისად, საქართველო მოხვდა იმ 10 ნაკრების რიცხვში, რომლებიც პეკინის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდურ ასპარეზობაში იქნება წარმოდგენილი. ეს ქართული სპორტის ისტორიაში მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა“, – აცხადებს პირველი არხის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი თვალაბეიშვილი.
საქართველოს პირველი არხი მაყურებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების შეთავაზებას მომავალ წლებშიც გააგრძელებს.