თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე „გირო“ თავდასხმა მოხდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავეებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ასევე დადგინდა, რომ დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილზე ერთი გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.
„ერთი ადამიანი იყო შავი კეპითა და სათვალით, სახეზე შავი ბადე ჰქონდა სახეზე აფარებული. როგორც კი შევნიშნე, მაშინვე დავტოვეთ სალარო და გავედით. ის ასევე საკრედიტოშიც შევარდა. ფულს ითხოვდა. სალაროს ფანჯარას ნატყვიარი ეტყობა“, – განაცხადა „გირო კრედიტის“ თანამშრომელმა ხატია ჩავლეშვილმა.
პეკინის ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, დამნაშავე პირების დადგენა-დაკავების მიზნით სამართალდამცველები ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.