პეკინი 2022 | ჰოკეიში მეოთხედფინალური წყვილები გამოვლინდა [ვიდეო] #1TVSPORT
პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ჰოკეის ტურნირზე ყველა მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია.
დღეს საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხი შეხვედრა გაიმართა. პირველ მატჩში ერთმანეთს დანიისა და ლატვიის ეროვნული ნაკრებები შეხვდნენ. ოლიმპიადის ჰოკეის ტურნირის ერთ-ერთმა აღმოჩენამ, სკანდინავიურმა გუნდმა ბალტიისპირელები ანგარიშით 3:2 დაამარცხა. დანიელებმა ჯგუფშიც კარგად იასპარეზეს და მსოფლიოს საუკეთესო რვა გუნდში დამსახურებულად გავიდნენ.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში სლოვაკეთის ნაკრებმა გერმანიის ეროვნულ გუნდს დამაჯერებლად 4:0 სძლია.
დღის მესამე დაპირისპირებაში ცოტა მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა – ჩეხეთი ტურნირს შვეიცარიის ნაკრებმა გამოთიშა (4:2).
მეოთხედფინალში გასასვლელ მეოთხე მატჩში კანადის ეროვნულმა გუნდმა მასპინძელი ჩინეთის ნაკრები დამაჯერებელი ანგარიშით, 7:2 დაამარცხა.
ხვალ,16 თებერვალს პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ჰოკეის ტურნირის მეოთხედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
08:10 აშშ-სლოვაკეთი
10:00 ROC-დანია
12:40 ფინეთი-შვეიცარია
17:30 შვედეთი-კანადა
ყველა მატჩის რეპორტაჟს ტელესკოლაზე იხილავთ.