პეკინის გამზირზე დაჭრილ მცირეწლოვანს კლინიკიდან ხვალ გაწერენ - „მაქსიმალურად ვეცადეთ, ნაიარევი არ დარჩენოდა“
თბილისში, პეკინის გამზირზე გუშინ დაჭრილი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკიდან ხვალ გაწერენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჟვანიას კლინიკაში განუცხადეს, სადაც ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა.
ყბა-სახის ქირურგის, ნათია ვასაძის განცხადებით, ოპერაცია ისე გაკეთდა, რომ პაციენტს პლასტიკური ჩარევა აღარ დასჭირდება.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იმყოფება პალატაში. აღენიშნებოდა ღრმა ნაკვეთი ჭრილობები ცხვირის და მარჯვენა ლოყის მიდამოებში. ჩაუტარდა ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება და გაკერვა. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ნაიარევი არ დარჩენოდა, პლასტიკური ჩარევა პაციენტს აღარ დასჭირდება. დღეს განყოფილებაში დარჩება, მისი გაწერა კი, ხვალ დილით იგეგმება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ნათია ვასაძემ.
თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები გუშინ მიაყენეს. ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.