პედრო სანჩესის განცხადებით, მსოფლიომ უნდა მოუსმინოს ჩინეთის ხმას, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, მსოფლიომ უნდა მოუსმინოს ჩინეთის ხმას, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს. ამის შესახებ პედრო სანჩესმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩინეთი გლობალური მოთამაშეა, ამიტომ, ცხადია, ჩვენ უნდა მოვისმინოთ მისი ხმა, რათა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ჩვენ, ყველას, დავასრულოთ ეს ომი და აღვადგინოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა სანჩესმა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი 31 მარტს გეგმავს პეკინში ჩასვლას, სადაც პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება. როგორც ვარაუდობენ, სანჩესი და სი ძინპინი უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების გზებზე ისაუბრებენ.
ჩინეთმა უკრაინის ომის დასასრულებლად 12-პუნქტიანი გეგმა 24 თებერვალს წარადგინა.