პედრო სანჩესი - ცეცხლის შეწყვეტა წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა საკმარისი არ არის, აუცილებელია ცეცხლის გრძელვადიანი შეწყვეტა კატასტროფულ ვითარებასთან გასამკლავებლად, რასაც ღაზის მოსახლეობა განიცდის
აუცილებელია ცეცხლის გრძელვადიანი შეწყვეტა იმ კატასტროფულ ვითარებასთან გასამკლავებლად, რომელსაც ღაზის მოსახლეობა განიცდის, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა ეგვიპტეში, ღაზის სექტორთან დამაკავშირებელ „რაფაჰის“ გამშვებ პუნქტთან, სადაც ის ბელგიის პრემიერ-მინისტრთან, ალექსანდერ დე კროოსთან ერთად მივიდა.
სანჩესის თქმით, ცეცხლის დროებით შეწყვეტა წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა საკმარისი არ არის.
„ცეცხლის შეწყვეტა კარგია. ეს არის წინ გადადგმული კარგი ნაბიჯი, თუმცა საკმარისი არ არის. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობა თანხმდება, რომ ჩვენ გვჭირდება მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა. აბსოლუტურად აუცილებელია ცეცხლის გრძელვადიანი შეწყვეტა ჰუმანიტარული მიზნით, იმ კატასტროფულ ვითარებასთან გასამკლავებლად, რომელსაც ღაზის მოსახლეობა განიცდის“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.