პედაგოგების ხელფასი, რომლებიც სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობენ, 500 ლარამდე გაიზრდება
მასწავლებლებს, რომლებიც სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობენ, სპეციალური პედაგოგის სტატუსი მიენიჭებათ და მათი ანაზღაურება 500 ლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის დღევანდელი დადგენილებით, ინკლუზიური განათლების რეფორმის კუთხით, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
„ეს მოსწავლეები საჭიროებენ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს, ინდივიდუალურ მუშაობას და თავისთავად, ამაში ჩართული პედაგოგები საჭიროებენ განსაკუთრებულ პირობებს. აქამდე ასეთი პედაგოგები არ სარგებლობდნენ სპეციალური სტატუსით და დღევანდელი დადგენილებით, მათ ენიჭებათ სპეციალური პედაგოგის სტატუსი, ანაზღაურება კი, 500 ლარამდე გაიზრდება“, – განაცხადა მინისტრმა.
ბატიაშვილის ინფორმაციით, საქართველოში სპეციალური საჭიროების მქონე 7 000-მდე მოსწავლეა და დაახლოებით 1 700-მდე პედაგოგია ჩართული პროცესში.
„ამ პედაგოგებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც დაეხმარება მათ მოტივაციას და მოსწავლეებთან მუშაობას. ხელფასი ეზრდება სეგმენტს, რომლებიც სპეციალური საჭიროების ბავშვებთან მუშაობენ. აქამდე მათ სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის სტატუსტი ჰქონდათ. დღევანდელი განკარგულებით კი, მათ ენიჭებათ სპეციალური პედაგოგების სტატუსი, რომელიც საშუალებას იძლევა მომავალშიც გავზარდოთ მათი ხელფასი“, – განაცხადა მინისტრმა.