პაველ ჰერჩინსკი - მნიშვნელოვანია, ყველამ იმუშაოს წინსვლისთვის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს მთავრობის ინკლუზიურობას, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას
პაველ ჰერჩინსკი - მნიშვნელოვანია, ყველამ იმუშაოს წინსვლისთვის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს მთავრობის ინკლუზიურობას, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას

ჩვენ გულწრფელად გვაქვს იმედი, რომ ოქტომბერში, როდესაც გაფართოების შესახებ ახალი ანგარიშის პროექტი შედგება ევროკომისიის მიერ, რაც მოიცავს რეკომენდაციებსაც, იქნება საკმარისი პროგრესი მიღწეული ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, ახლა საჭიროა რაც შეიძლება მეტი პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რომ ევროკომისიამ გასცეს დადებითი რეკომენდაცია.

„გასული წლის დეკემბერში ყველამ ვიზეიმეთ ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ მიიღო, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მე პირადად ვიყავი ძალზედ ბედნიერი. ყველამ მივულოცეთ ერთმანეთს და ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ახლა საქართველო ფორმალურად არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა. თუმცა ამის მისაღწევად არსებობს რამდენიმე ეტაპი. შემდეგი ნაბიჯი არის მოლაპარაკებების დაწყება. ჩვენ გულწრფელად გვაქვს იმედი, რომ ამ ეტაპზე რაც შეიძლება მალე გადავალთ. იმისთვის, რომ ამას მივაწიოთ, საქართველომ მიიღო ცხრა ნაბიჯი, რომელთა იმპლემენტაციაა საჭირო. მათი იმპლემენტაცია უკვე მიმდინარეობს. ამ ნაბიჯების იმპლემენტაციის დონეს შევაფასებთ გაფართოების შესახებ მომდევნო ანგარიშში. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ ანგარიშზე. გავმართეთ კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან გუშინ, ასევე გვექნება კონსულტაციები ბიზნესის წარმომადგენლებთან ამ კვირაში, ასევე საკუთარ წვლილს შეიტანს ხელისუფლება. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან ღიად და გამჭვირვალედ. ჩვენ გულწრფელად გვაქვს იმედი, რომ წელს, ოქტომბერში, როდესაც გაფართოების შესახებ ახალი ანგარიშის პროექტი შედგება ევროკომისიის მიერ, რაც მოიცავს რეკომენდაციებსაც, იქნება საკმარისი პროგრესი მიღწეული ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით და იქნება პოზიტიური რეკომენდაცია ევროკომისიისგან და ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოსგან, რომ გახსნან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ეს გადაწყვეტილება ისევ იქნება ერთსულოვნად მიღებული ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს მიერ, როგორც ეს შარშან დეკემბერში მოხდა. ახლა გვჭირდება რაც შეიძლება მეტი პროგრესი ცხრავე ნაბიჯთან დაკავშირებით, რომ ევროკომისიამ გასცეს დადებითი რეკომენდაცია და წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტონ, გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, გახსნან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ჯერ ადრეა შეფასება, თუ როგორ მიმდინარეობს ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესი.

„მე არ შევაფასებ ცხრა ნაბიჯის იმპლემენტაციის დონეს დღეს. ჯერ ძალიან ადრეა. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველოში არის არჩევნები ოქტომბერში, რაც ბუნებრივად მიიპყრობს დიდ ყურადღებას, წაიღებს ყველა პოლიტიკური ლიდერის ბევრ ენერგიას, მნიშვნელოვანია, პარალელურად ყველამ იმუშაოს წინსვლისთვის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს საჭიროებას, რომ მთავრობა იყოს ინკლუზიური, ჩართოს ოპოზიციაც. ოპოზიციისთვის ეს ნიშნავს კონსტრუქციულ მიდგომას და მთავრობასთან მუშაობის მცდელობას, რათა პროგრესი იყოს მიღწეული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც მუდამ ვუსვამთ ხაზს, სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ჩართულობა. ასე რომ, გულწრფელად მაქვს იმედი, რომ, საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, იქნებ ეროვნული კონსენსუსი და ყველა იმუშავებს ერთად ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა ელჩმა.