პაველ ჰერჩინსკი - ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი და, შესაბამისად, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი და, შესაბამისად, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
როგორც პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში უამრავი რეფორმა გატარდა სასჯელაღსრულების მიმართულებით.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი და, შესაბამისად, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს. რაც შეეხება ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ჩვენ ვაკვირდებით, რა რეფორმები ხორციელდება ბოლო 20 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების მიმართულებით. 2004 წლიდან დაიწყო ჩვენი მისია, საფუძველი ჩაეყარა ამას და წლების განმავლობაში დაახლოებით 60 მლნ ევრო იქნა განსაზღვრული საქართველოსთვის, ასევე 25 მლნ ევრო, ეს უკვე ეხება ტექნიკურ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით. ეს არის ფინანსური და ტექნიკური დახმარება. ძალიან დიდი წილი ამ დახმარებისა სწორედ პრობაციის, სასჯელაღსრულების სისტემების განვითარებასა და გაძლიერებას ეხება“, – განაცხადა ელჩმა.