პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ ვმუშაობთ ამ მთავრობასთან და ვიმუშავებთ საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან, რათა ქვეყანა წინ წავწიოთ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ
პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ ვმუშაობთ ამ მთავრობასთან და ვიმუშავებთ საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან, რათა ქვეყანა წინ წავწიოთ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ

მე, როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, მზად ვარ, ვიმუშაო საქართველოს მთავრობასთან, მთავრობა ჩვენი მთავარი თანამოსაუბრეა. ჩვენ ვმუშაობდით საქართველოს ყველა წინა მთავრობასთან, ვმუშაობთ ამ მთავრობასთან და ვიმუშავებთ საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან, რათა საქართველო წინ წავწიოთ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, ის იმედოვნებს, რომ კანონპროექტი იმ სახით, როგორც ახლა არის წარდგენილი, არ მიიღება.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რომ დავეხმაროთ საქართველოს, გადადგას შემდეგი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე. ვიცი, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოსა და მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილი. ჩემზე ნამდვილად შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანთა რაოდენობამ, ვინც, წვიმის მიუხედავად, გუშინ თბილისის ქუჩებში გამოვიდა თავისი აზრის დასაფიქსირებლად არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, როგორც მას ახლა ჰქვია, დღევანდელი სახით არ მიიღება. ჩვენ დავაორგანიზეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, რათა საქართველოს ხელისუფლებასთან ვისაუბროთ ამის შესახებ. ეს მაღალი დონის ვიზიტები გაგრძელდება და ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ. ჩვენ მზად ვართ, კონსტრუქციულად ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიზნით“, – განაცხადა ელჩმა.