პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ სწრაფად მივდივართ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების ეტაპისკენ, ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს, ვიმედოვნებ, საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, მუშაობა გაგრძელდება
ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს, შემდეგ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრება ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას ბრიუსელში, რომ განიხილონ სამომავლო გზები. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა შეთანხმდებიან იმაზე, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, უნდა არსებობდეს ეროვნული ერთიანობა ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს წინსვლის საკითხში.
„ასე რომ, ჩვენ ძალიან სწრაფად მივდივართ შემდეგი ეტაპისკენ, გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებისკენ. ეს მოითხოვს ძალიან სერიოზულ მიდგომას საქართველოს მხრიდან, ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს. ვიმედოვნებ, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო კამპანია ნელ-ნელა გახდება მთავარი საკითხი, პარალელურად, ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად მუშაობა გაგრძელდება. თავის მხრივ, ევროკავშირი და ევროკავშირის დელეგაცია თბილისში მზად არის დასახმარებლად, რამდენადაც შეგვიძლია, მაგრამ ქართველებმა სამუშო თავად უნდა შეასრულონ. ეს, რა თქმა უნდა, მოითხოვს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას, რათა არსებობდეს ეროვნული ერთიანობა ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს წინსვლის საკითხში“, – განაცხადა ელჩმა.