პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ ძალიან გვჭირდება კარგი ამბების გაგება საქართველოდან, რათა შეიქმნას პოზიტიური ატმოსფერო, როდესაც საუბარია ევროკავშირი-საქართველოს მომავალ ურთიერთობებზე
ველოდებით რაც შეიძლება მეტ პროგრესს 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით, ძალიან გვჭირდება კარგი ამბები საქართველოდან, რათა შეიქმნას პოზიტიური ატმოსფერო, როდესაც საუბარია ევროკავშირი-საქართველოს მომავალ ურთიერთობებზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს. ამასთან, ელჩის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება ერთსულოვნებაზე.
„ძალიან რთულია ჩემთვის რაიმეს თქმა. ჩემი პირადი მოსაზრება ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ დავაფიქსირე. თუმცა, სამწუხაროდ, გადაწყვეტილება ჩემს ხელთ არ არის, არც ჩემი ზემდგომების ხელშია, ის არ არის ევროკავშირის ინსტიტუციების ხელში. გადაწყვეტილება შემდეგი ნაბიჯის შესახებ, როდესაც საუბარია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე, 27 წევრი ქვეყნის მისაღებია უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. დეკემბერში 27 ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი შეხვდებიან, განიხილავენ და გადაწყვეტენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რაც უამრავჯერ გამიმეორებია, ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება ერთსულოვნებაზე. თითოეული წევრი ქვეყანა უნდა დაეთანხმოს შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში. ჯერ კიდევ არის დრო დეკემბრამდე, ნახევარი წელი. ჩვენ ველოდებით რაც შეიძლება მეტ პროგრესს 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან გვჭირდება პოზიტიური, კარგი ამბები საქართველოდან, რათა შეიქმნას პოზიტიური ატმოსფერო, როდესაც საუბარია ევროკავშირი-საქართველოს მომავალ ურთიერთობებზე.
ზოგიერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით დიდ პროგრესს ვხედავთ, ზოგიერთზე კი შედეგებს ველოდებით. ვენეციის კომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ საჭიროა განსხვავებული მიდგომა. იმ მიდგომისგან განსხვავებული, რომელიც მმართველ პარტიას ჰქონდა არჩეული. ევროკომისია შეაფასებს პროგრესს ოქტომბერში. იქნება გაფართოების შესახებ პირველი ანგარიში საქართველოსთან მიმართებით. ეს იქნება ძალიან მტკიცე, დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში. 35 თავი მოიცავს 12 პრიორიტეტს. აღწერილი იქნება ძალიან დეტალური და ტექნიკური კუთხით. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება 27 წევრი ქვეყნის მისაღებია, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, დეკემბერში, ევროპულ საბჭოში“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.