პაველ ჰერჩინსკი - ჩემი მოწოდება პოლიტიკური ლიდერების მიმართ არის შემდეგი: კანდიდატის სტატუსი, პოზიტიური რეკომენდაცია, რომელიც გაიცა ევროკომისიის მიერ, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია
კანდიდატ ქვეყნებს ვალდებულება აქვთ, რეფორმები განახორციელონ იმისთვის, რომ მოემზადონ ევროკავშირის წევრობისთვის. პარალელურად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, რომ მოემზადონ და მოდიფიცირება მოახდინონ არსებული თანამშრომლობის მექანიზმებისა იმისთვის, რომ გაფართოებისთვის მოემზადონ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, ევროკავშირი უნდა იყოს მზად ახალი წევრების მისაღებად.
„საქართველოს შესახებ რეკომენდაცია გაიცა, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ასევე, დისკუსია მიმდინარეობს ევროკავშირში საჭირო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ჭრილში, როგორ უნდა მოხდეს დაფინანსება სხვადასხვა მიმართულების, რომ ევროკავშირი იყოს მზად ახალი წევრების მისაღებად. ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა პირველად დაასახელა თარიღი გაფართოების შესახებ. რამდენიმე კვირის წინ მან გამოაცხადა სამიზნე თარიღი, რომელიც არის 2030 წელი. ეს არის უბრალოდ შეთავაზება. ეს გახლავთ მოლაპარაკებების საწყისი ეტაპი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ვნახავთ, რა იქნება ზუსტი თარიღი გაფართოებისა, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ჩემი მოწოდება პოლიტიკური ლიდერების მიმართ არის შემდეგი: კანდიდატის სტატუსი, პოზიტიური რეკომენდაცია, რომელიც გაიცა ევროკომისიის მიერ, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ევროკომისიის მიერ, არის ძალიან ყოვლისმომცველი. იქ საუბარია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესზე და ასევე ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას საქართველომ იმისთვის, რომ დაუახლოვდეს ევროკავშირს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ამასთან, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, იმედია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყოველ წელს, ყოველ თვე უფრო და უფრო გაიზრდება დაახლოების მაჩვენებელი.
„ევროკომისიამ დღეს გასცა რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი წევრი ქვეყნები, 27 წევრი ქვეყანა ნამდვილად მისდევს ევროკომისიის რეკომენდაციას და ნამდვილად ერთსულოვნად გადაწყვეტს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში. ჩვენ ველოდებით საქართველოს მხრიდან, რომ მაქსიმალურად მოახდინონ თავიანთი საგარეო პოლიტიკის დაახლოება ევროპულ ღირებულებებთან, ისევე როგორც უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ეტაპზე, ახლა იმყოფება ბრიუსელში. მას მრავალი შეხვედრა აქვს ჩანიშნული და უკვე მცდელობა არსებობს, რომ საქართველო მაქსიმალურად დაუახლოვდეს ჩვენს საგარეო პოლიტიკას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყოველ წელს, ყოველ თვე უფრო და უფრო გაიზრდება შესაბამისობის ნაჩვენებელი, დაახლოების მაჩვენებელი. შესაბამისად, ჩვენ გვექნება ევროკავშირის ნათელი პოზიცია, რომელიც გამოცხადდება 27 წევრი ქვეყნის მიერ და ასევე, თვალსაჩინო იქნება საქართველოს პოზიცია. ეტაპობრივად ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ეს გახლავთ ჩვენი მთავარი მიზანი“, – აღნიშნა ელჩმა.