პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დღეს სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან შეხვედრა გაიმართება
მნიშვნელოვანია, დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, ასევე ყველა მინისტრს შორის ინფორმაციის მიმოცვლა იყოს რაც შეიძლება ინტენსიური, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საკვანძო მომენტში ვიმყოფებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღეს სხვადასხვა ქვეყნის ელჩების შეხვედრა გაიმართება და შეხვედრის ინიციატორი ირაკლი ღარიბაშვილია.
„შემიძლია, დავადასტურო, რომ ამ საღამოს შევხვდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამას მისი მოწვევით ვაკეთებთ, ეს ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, თუმცა ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით რეგულარულად. ჩემი აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს შორის, ასევე მთავრობას, ყველა მინისტრს შორის ინფორმაციის მიმოცვლა იყოს რაც შეიძლება ინტენსიური, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საკვანძო მომენტში ვიმყოფებით, რა დროსაც ევროკომისია ოქტომბერში გამოაქვეყნებს გაფართოების შესახებ ანგარიშს და ამის შემდეგ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით.
ჩვენ მიგვიწვია პრემიერ-მინისტრმა. რამდენადაც ვიცი, ეს მიწვევა მიიღო საქართველოში მყოფმა ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩმა, ისევე როგორც იმ ელჩებმა, რომლებიც სხვა რეგიონებიდან მუშაობენ საქართველოში. არ ვიცი, რამდენი კოლეგა დაესწრება შეხვედრას. ვიმედოვნებ, რომ ყველა მათგანი იქ იქნება. რამდენადაც ინიციატივა პრემიერ-მინისტრის ოფისიდან მოდის, ვნახოთ, როგორ წარმართავენ მას, თუმცა მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ რეგულარულად ვხვდებით და ვსაუბრობთ ღიად, გულწრფელად, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს. შეხვედრა დღეს საღამოს გაიმართება. ჩვენ გვაქვს ძალიან ღია და გულწრფელი დისკუსიები საქართველოს მთავრობასთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან და ამ დისკუსიების დროს განვიხილავთ ყველა საკითხს, რაც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს ეხება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.