„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ხვალიდან ახალ კამპანიას იწყებს. დავით თარხან-მოურავის განცხადებით, კამპანიაში 1000 კაცზე მეტი ადამიანი იქნება ჩართული, რომლებიც თბილისში, სახლებში მივლენ და გამოკითხვას ჩაატარებენ.
თარხან-მოურავის თქმით, გამოკითხვის ფურცელს აუცილებელია, თან ახლდეს ფოტოსურათი, რომელიც კითხვარის შევსების პროცესს ასახავს.
„ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას, ახალ მოძრაობას, 1000 კაცზე მეტი იქნება ჩართული ამ საქმეში – თბილისში ყველას სახლში შევლენ და გამოკითხვას გააკეთებენ. უნდა შევავსოთ ფურცლები, რაც მთავარია ფოტო გადავიღოთ, რომ ამ ფურცელს ვავსებთ, რადგან მთელი ეს წელი უნდა ვამტკიცოთ, რომ ქართველ ხალხს არ უნდა ესენი. ამიტომ საჭიროა, მილიონი ასეთი ქაღალდი შევავსოთ ფოტოსურათით, მოვემზდოთ ამისთვის. ხვალიდან დაიწყება ეს მოქმედებები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ქართული ოცნება“ ამათთან თამაშს აგრძელებს. ბოკერია ეუბნება, მეორე ადგილზე გამიყვანე და დავამშვიდებ ამერიკასო. ჩვენ არ გვინდა არანაირი მატყუარა ორგანიზაციები, გინდა ამერიკული იყოს ეს ტყუილი, გინდა ევროპული ან თურქული, მოემზადეთ ამ ქაღალდების შესავსებად. ახლა გავიგეთ, რომ თურმე ხალხი ეკლესიას პატივს არ სცემს, დააკვირდით ეს „ენდიაი“, „აირაი“ რას შვება, დავით ბაქრაძე ყოფილა პატრიარქზე პოპულარული კაცი, ეკლესიას თურმე ხალხი პატივს აღარ სცემს, ყველაფერი ეს სიცრუეა. ბოკერიები, ვიღაც ცრუპენტელები, ყველა მატყუარაა. ამიტომ, დაიცავი ეკლესია, დაიცავი პატრიარქი, დაიცავი საქართველო“ ,- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.