„პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოში აშშ-ის საელჩოსთვის ნოტის გაგზავნას გეგმავს და დევიდ კრამერისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს
„პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, ხვალ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის ნოტის გაგზავნას გეგმავს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწისგან, დევიდ კრამერისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა გიორგი ლომიამ განაცხადა.
გიორგი ლომიას განმარტებით, თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გუშინ ირმა ინაშვილი საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მივიდა და ინციდენტის პროვოკაციად შეფასება და „პატრიოტთა ალიანსისთვის“ პრორუსული პარტიის იარლიყის მიკერება უსაფუძვლოა.
„ამერიკის საელჩოში ნოტა აუცილებლად გაიგზავნება. ჩვენ დევიდ კრამერის მხრიდან ბოდიშის მოხდას მოვითხოვთ. მისი საქციელი გუშინ იყო არაადეკვატური. პოსტებს ინტერნეტშიც ვკითხულობთ, ძალიან ბევრი ადამიანი წერს, რომ ირმა ინაშვილი შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ეს რა საქციელია, ჩამოდის სტუმარი და მასპინძელს ასე ექცევა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კაცი ხარ და უნდა იცოდე, ქალს როგორ ექცეოდე“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.
ამასთან, დეპუტატის შეფასებით, „პატრიოტთა ალიანსის“ ოპონენტები რუსეთს ისე იყენებენ, როგორც ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ჩვენი ოპონენტები რუსეთს ისე იყენებენ, როგორც ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“. ყოველთვის ფონად უნდა იყოს რუსეთი, რომ თვითონ წარმოაჩინონ თავი პატრიოტად და ქვეყნისთვის მებრძოლად. ეს ინციდენტი შეფასდა, როგორც ვითომ რუსეთის წინაშე ანგარიშვალდებულება და ანგარიშის ჩაბარება. „პატრიოტთა ალიანსი“ არანაირი პრორუსული ძალა არ არის და არ ყოფილა. ეს ეროვნული პოლიტიკური ძალაა. როდესაც გაკერებენ პრორუსულობის იარლიყს, ამას არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს“, – განაცხადა დეპუტატმა გიორგი ლომიამ.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ გაიმართა, გუშინ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა. კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად ირმა ინაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, „ობიექტივის“ ჟურნალისტი აპროტესტებდა, რომ კონფერენციაზე არ მისცეს უფლება, კითხვა დაესვა. ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერი და ინაშვილი შელაპარაკდნენ.