„პატრიოტთა ალიანსი“ ბიუროს სხდომაზე „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციას წარადგენს
„პატრიოტთა ალიანსი“ ბიუროს სხდომაზე „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციას წარადგენს

„პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითხოვს.

საპარლამენტო ფრაქციამ „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციის პროექტი მოამზადა, რომელიც დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება.

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მმართველობის პერიოდში საქართველოში დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა.

დოკუმენტში საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არჩევნების გაყალბებაზე, სასამართლო სისტემის დამორჩილებაზე, პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, მფლობელებისთვის სატელევიზიო არხების წართმევაზე, საპროტესტო აქციების დარბევაზე, „ნულოვანი ტოლერანტობის“ მოტივით მოსახლეობის დაშინებაზე, საკუთრების უფლების შელახვასა და კოდორისა და ახალგორის „ჩაბარებაზე“.

ფრაქცია დოკუმენტში აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ეკისრებათ.

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით: საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად. ასევე, ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.