პატრიარქი - საკუთარი თავი თუ გვიყვარს და ღვთისშვილობა გვსურს, მაცხოვრის მსგავსად უნდა მოვექცეთ მოძულეს, მისთვის ვილოცოთ და ბოროტებაზე ბოროტებით არ ვუპასუხოთ
ჩვენ, თუ საკუთარი თავი გვიყვარს და ღვთისშვილობა გვსურს, მაცხოვრის მსგავსად, უნდა მოვექცეთ ჩვენს მოძულეს, ანუ გულწრფელი სიყვარული ვაჩვენოთ, სიკეთე მივაგოთ, მისთვის ვილოცოთ და ბოროტებაზე ბოროტებით არ ვუპასუხოთ; ოღონდ, როგორც მოყვასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაშიც, უნდა გავემიჯნოთ მის ცოდვებსა და უსჯულოებებს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.
როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ქრისტიანული გაგებით, საკუთარი თავის სიყვარული, პირველ რიგში, ნიშნავს მუდმივ ზრუნვას საკუთარ თავზე, „რათა შევძლოთ ცოდვით დაცემული შინაგანი სამყარო განვიწმინდოთ, ეგოიზმის, შურის, ღვარძლისა და ბოროტებისაგან გავათავისუფლოთ და სულში ღვთის ხატება და მსგავსება აღვიდგინოთ და ავაღორძინოთ; ამისთვის კი, მთელი არსებით უნდა ვიღვაწოთ, რადგან ამქვეყნად სწორედ ესაა ჩვენი დანიშნულება, ჩვენი სიცოცხლის აზრი“.
„საკუთარი თავის სიყვარული, ასევე, ნიშნავს იმას, რომ, უფლის მსგავსად, თავგანწირული, უშურველი სიყვარულით შევიყვაროთ მოყვასი, ვიყოთ თანამდგომნი და მისი წარმატებით ვხარობდეთ; განსაცდელის ჟამს კი, – ძალისამებრ ჩვენისა დავეხმაროთ;
მოყვასი ჩვენსავით ღვთის ხატად არის შექმნილი და, ამდენად, ნაწილია ჩვენიც და უფლისაც; მისდამი ჩვენი დამოკიდებულება კი ღვთისადმი ჩვენს დამოკიდებულებას წარმოაჩენს.
აი, როგორ ბრძანებს მაცხოვარი: „რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი, მწყუროდა და მასვით მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ, შიშველი ვიყავ და შემმოსეთ, სნეული ვიყავ და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავ და მომინახულეთ, ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ” (მთ.25, 35-36,40).
ღმერთთან და მოყვასთან ერთობის სულით არის განმსჭვალული საუფლო ლოცვაც. ამიტომაც ვამბობთ: „მამაო ჩვენო“ და არა „მამაო ჩემო“, ან „მოგვიტევე ჩვენ“ და არა „მომიტევე მე“. და როცა მას წარმოვთქვამთ, ეს უნდა გავაცნობიეროთ და აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ლოცვა ლოცვად შეირაცხოს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამა თუ იმ ადამიანმა შეიძლება შეგვცოდოს და უსამართლოდ გული გვატკინოს, მაგრამ თუ სათანადო სინანული ექნება და ამას გამოხატავს, – უნდა შევუნდოთ“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.
აქვე ნათქვამია, რომ ვისაც მოყვასისადმი ასეთი დამოკიდებულებები არა აქვს, მტრობს საკუთარ თავს, რადგან ჭეშმარიტი სიყვარულის ვერშემცნობია და ღვთის ნების წინააღმდეგი.
„როგორ უნდა მოვექცეთ მათ, ვინც ჩვენ გვმტრობს?
ვინაიდან უფალს მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა ზედა და აწვიმებს მართალთაც და უსამართლოთაც (მთ.5,45), ჩვენ, თუ საკუთარი თავი გვიყვარს და ღვთისშვილობა გვსურს, მაცხოვრის მსგავსად, უნდა მოვექცეთ ჩვენს მოძულეს, ანუ გულწრფელი სიყვარული ვაჩვენოთ, სიკეთე მივაგოთ, მისთვის ვილოცოთ და ბოროტებაზე ბოროტებით არ ვუპასუხოთ; ოღონდ, როგორც მოყვასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაშიც, უნდა გავემიჯნოთ მის ცოდვებსა და უსჯულოებებს;
ხოლო თუ ეკლესიისა და მოყვასის მიერ სინანულისკენ მომწოდებელი არაერთგზისი შეგონებანი არ იქნება მისგან შესმენილი, უნდა განვეშოროთ მას, „როგორც მეზვერესა და წარმართს“ (მთ.18,17-18).
ღვთის რჩეული ერი წარმართს აღიქვამდა, როგორც ეთნიკურად სრულიად უცხოსდა სარწმუნოებრივადაც, – შეუწყნარებელს; ხოლო მეზვერეს (გადასახადების ამკრეფს), – საკუთარი ერის საზიანოდ წარმართთა ინტერესების გამტარებელს.
ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ასეთი ადამიანი თავისი უსიყვარულობით ღვთის გარეგანი ხდება“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.