პატიმარზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდება, კონტროლი შესაძლოა, ელექტრონული მეთვალყურეობის საშუალებით განხორციელდეს
იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი (COVID-19) და მკურნალობის მიზნით განთავსებულია სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მეთვალყურეობა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის ბრძანებაშია საუბარი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ელექტრონული ზედამხედველობის საშუალება შედგება გადამცემისა და მიმღებისგან. გადამცემს წარმოადგენს ელექტრონული სამაჯური, რომელიც სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის პერიოდში დამაგრებულია, მსჯავრდებულის ქვემოკიდურზე იმგვარად, რომ დაზიანების გარეშე შეუძლებელია მისი მოშორება. მიმღები კი, განთავსებულია სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მუდმივად მიერთებულია დენის წყაროსთან.
ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ელექტრონული საშუალებით ზედამხედველობას ახორციელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით.
„სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულების შენობის გარე პერიმეტრზე/მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა დროებითი საგუშაგო, რომელიც შედგება ესკორტირების ჯგუფის არანაკლებ სამი წევრისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ დაცვასა და მეთვალყურეობას.
აპარატურაზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მისთვის განსაზღვრული პერიმეტრის დატოვება, სააგენტოს მიერ დაუყოვნებლივ ეცნობება სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს.
აპარატურის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რაც ექვემდებარება ბრალდებულის/მსჯავრდებულის, ხოლო არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ სრულად ანაზღაურებას“, – აღნიშნულია თეა წულუკიანის ბრძანებაში.
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები დღეს 13 მაისს შევიდა. დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.