პატარა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ჰაბლმა წყლის ორთქლი დააფიქსირა — #1tvმეცნიერება
პატარა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ჰაბლმა წყლის ორთქლი დააფიქსირა — #1tvმეცნიერება

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში წყლის ორთქლი დააფიქსირა. მეცნიერთა განცხადებით, ეს „საეტაპო აღმოჩენა“ ასტრონომიას ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს მიიყვანს დედამიწის მსგავს პლანეტათა დახასიათებასთან.

პლანეტა GJ 9827d-ის დიამეტრი დედამიწისას დაახლოებით ორჯერ აღემატება და გარს უვლის ჩვენგან 97 სინათლის წლის მანძილზე, თევზების თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე წითელ ჯუჯა ვარსკვლავს.

აღმომჩენ მკვლევართა ჯგუფი ორ სცენარს განიხილავს: პლანეტა ან ე. წ. მინინეპტუნია წყალბადით მდიდარი ატმოსფეროთი, სადაც ცოტა წყალიც არის, ან იუპიტერის მთვარე ევროპას უფრო თბილი ვერსია; ცნობილია, რომ ევროპას ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ ორჯერ უფრო მეტი წყალია, ვიდრე დედამიწაზე.

„პლანეტა GJ 9827d შეიძლება ნახევრად წყალი იყოს, ნახევრად ხმელეთი. პატარა კლდოვანი სხეულის თავზე შეიძლება ბევრი წყალი იყოს. ამ დრომდე, ასეთ პატარა პლანეტაზე ატმოსფეროს პირდაპირი დაფიქსირება არ შეგვეძლო, მაგრამ ამას ნელ-ნელა უკვე ვახერხებთ“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, მონრეალის უნივერსიტეტის მკვლევარი ბიორნ ბენეკე.

სამი წლის განმავლობაში, ჰაბლი დედავარსკვლავის წინ ამ პლანეტის გავლას 11-ჯერ დააკვირდა.

ასეთი გავლისას, ვარსკვლავის სინათლე პლანეტის ატმოსფეროში გაივლის და ჩვენამდე ისე აღწევს, რაც ჰაბლის ინსტრუმენტებს ფერების მახასიათებელთა (ტალღის სიგრძეები) ანალიზის საშუალებას აძლევს; ამის საფუძველზე კი ვხედავთ წყლის მოლეკულათა არსებობის ნიშნებს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ GJ 9827d-ს წყლით მდიდარი ატმოსფერო აქვს, ის ცხელია, ტემპერატურა დაახლოებით ვენერას მსგავსია (425 გრადუსი ცელსიუსი) და შესაბამისად, სიცოცხლისთვის არახელსაყრელი უნდა იყოს.

მიუხედავად ამისა, ჰაბლის აღმოჩენა გზას უხსნის GJ 9827d-ისა და მისი მსგავსი პლანეტების სამომავლო შესწავლას, განსაკუთრებით ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით, რომელსაც ატმოსფეროში უფრო მეტი მოლეკულის დაფიქსირება შეუძლია, მაგალითად, ნახშირორჟანგისა და მეთანის.

„ასე პატარა პლანეტაზე წყლის დაფიქსირება ნამდვილად საეტაპო აღმოჩენაა, რადგან ძლიერ ახლოს მივყავართ დედამიწის მსგავს პლანეტათა დახასიათების შესაძლებლობასთან“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, გერმანიის მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევარი ლაურა კრაიდბერგი.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია science.nasa.gov-ის მიხედვით.