პასკალ მენიე - მსურს, ყველამ გაიმეოროს მესიჯი, რომ ევროპის ქვეყნები არ მისცემენ თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეებს, რადგან საქართველო აღიარებულია სანდო ქვეყნად
ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ გაითავისა ფაქტი, რომ თავშესაფრის მოთხოვნა ადამიანებისგან, რომლებიც რეალურად ქვეყანაში დევნილები არ არიან, საქართველოს სახელსა და იმიჯს ვნებს და საბოლოო ჯამში, შეიძლება, ავნოს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ განაცხადა საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის საკითხზე ჟურნალისტების კითხვასთან დაკავშირებით.
მენიეს თქმით, როგორც საქართველოს საგარეო მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აღნიშნა საფრანგეთი, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნები – გერმანია და შვედეთი არ მისცემენ პოლიტიკურ თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეებს, ვინაიდან საქართველო აღიარებულია სანდო ქვეყნად.
„მსურს, ეს მესიჯი გაიმეოროს ყველამ, რომ კარგად იყოს გაგებული“, – განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს დაეხმარებიან, რომ საზღვრიდან მოქალაქეთა ხშირი გამობრუნება თავიდან იქნეს აცილებული.