პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა მიშელის დოკუმენტის ანულირება ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრაზე განიხილეს
პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა მიშელის დოკუმენტის ანულირება ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრაზე განიხილეს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები, დეპუტატები გიგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური და ალექსანდრე მოწერელია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდნენ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გახარიას გუნდის წევრებმა და ევროპარლამენტარმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის მმართველი პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება განიხილეს.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ნაბიჯით „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ინტერესებს და კიდევ ერთხელ უგულვებელყოფს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რაც ცალსახად ფასდება როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი. გახარიას გუნდის წევრებმა ვიოლა ფონ კრამონს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია მმართველი პარტიის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებსა და მხარდამჭერებზე განხორციელებულ ზეწოლებთან დაკავშირებით“, – აცხადებენ პარტიაში.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.