პარტია „კანონი და სამართალი“ საქართველოს პირველი არხის შემოწმებას ითხოვს
პარტია „კანონი და სამართალი” აუდიტის სამსახურს საქართველოს პირველი არხის საქმიანობისა და ბიუჯეტის ხარჯვის შესწავლისკენ მოუწოდებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, „ნაცვლად იმისა, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს ნატო-სა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხს, პერიოდულად ახორციელებს ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ საქმიანობას“. ამ არგუმენტის გასამყარებლად დასახელდა 2016 წელს ეთერში გასული პოლიტიკური კლიპი, რომელიც მალევე ეთერიდან მოიხსნა.
„ამ არგუმენტს ამყარებს ის ფაქტი, რომ 2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჩვენ ვიხილეთ ვლადიმერ ბედუკაძის პარტიის კლიპი, სადაც მკაფიოდ ფიგურირებდა ვლადიმერ პუტინი და რუსული ტანკები“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი ღლონტმა.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, რა არ გააშუქა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და იცნობენ თუ არა ამ მიმართულებით მომზადებულ სიუჟეტებს, პარტიის ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ „ისინი საუბრობენ იმაზე, რაც გაშუქდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით“.
„სამარცხვინო რეკლამა გადიოდა 2016 წელს მაუწყებელზე. ჟურნალისტებთან მისაუბრია და ძალიან შეწუხებულები იყვნენ. ვერ წარმომიდგენია, რომ თქვენ ეს მოგწონდათ. ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს საზოგადოებრივი მაუწყებელი“,-აღმოშმა თაკო ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კლიპთან დაკავშირებით, რაზეც „კანონი და სამართალი“ საუბრობს, 2016 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღო გადაწყვეტილება და განცხადება გაავრცელა, რომ პოლიტიკური პარტია „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამას ეთერში აღარ გაუშვებდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში ხაზგასმული იყო ის მიზეზი, რის გამოც აღნიშნული რგოლი ეთერში არ გავიდოდა. მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინ მაუწყებელმა საკითხის შესწავლის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც მიმართა.